მიკრობანკად გარდაქმნის მსურველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები(მისო) მოლოდინის რეჟიმში რჩებიან.
მისოებს, რომლებსაც ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზიის მიღება სურთ, ლოდინი კიდევ მინიმუმ 2 თვე მოუწევთ.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის გენერალური დირექტორი გია პეტრიაშვილი ამბობს, რომ ის ოქტობრისთვის ვარაუდობდა ლიცენზიის მიღებას, რაც ფიზიკური პირებისგან ანაბრების მიღების და კრედიტების გაიაფების საშუალებას მისცემდა, მაგრამ მიკრობანკის სტატუსი ჯერ ვერ მიიღეს.
იმის მიუხედავად, რომ მისო მინიმალურ, კომერციულ ბანკზე 7-8 % პ-ით დაბალი მარჟით მუშაობს, მსესხებლებზე კრედიტის ბანკზე დაბალი განაკვეთით გაცემას ვერ ახერხებს, რესურსის სიძვირის გამო.
ცნობისთვის, მისოს ლარის რესურსს ბანკი აწვდის, რომელთანაც მიკროდაკრედიტების სეგმენტზე მას პირდაპირ კონკურენციას უწევს. მიკრობანკად გარდაქმნის შემდეგ კი, ფინანსური ორგანიზაციებისთვის ლარის რესურსზე წვდომა გამარტივდება. მ/ო სექტორს რეფინანსირების სესხების მიღება კომერციული ბანკის შუამავლობის გარეშე შეეძლება, რაც მას ფინანსურ რესურსს გაუიაფებს, ხოლო მსესხებელს – სესხს.
მიკროსაფინანსოების წინასალიცენზიო კონსულტაციები ეროვნულ ბანკთან გრძელდება. მათ ხელშეკრულების ფარგლებში ლიკვიდურობის ნაწილში მოთხოვნები უნდა შეაჯერონ. სებ-ის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ მისოების დაგირავებული აქტივების კაპიტალთან შეფარდების კოეფიციენტი პირდაპირ 90%-ით კი არ განისაზღვროს, არამედ მოზიდული დეპოზიტების პროპორციულად. მარეგულირებელი კოეფიციენტის დაწევის და დაგირავებადი აქტივის ნაწილის გამოთავისუფლების მიზანშეწონილობას განიხილავს.
გარდა ამისა, მისოებს პროგრამული უზრუნველყოფისთვის დამატებითი ინვესტიციების ჩადება სჭირდებათ.
მიკრობანკის ლიცენზიას ელოდება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალიც”.
ბანკად გარდაქმნის კიდევ ერთ მსურველს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მ/ო”ლაზიკა კაპიტალს”, ლიცენზიის განაცხადი სებ-ში ჯერ არ შეუტანია.
“ლაზიკა კაპიტალის” დამფუძნებლის და მმართველის ბესიკ შენგელიას ინფორმაციით, „ლაზიკამ“ დალოდება არჩია. შენგელია ამბობს, რომ ჯერ მიკრობანკის საზედამხედველო მოთხოვნებს მოერგებიან და ეროვნულ ბანკში ლიცენზიაზე განაცხადს ამის შემდეგ შეიტანს. ეს სავარაუდოდ, ამ წლის დეკემბერში ან მომავალი წლის დასაწყისში მოხდება.
H1/2024-ის მდგომარეობით, მ/ო ბაზრის საპროცენტო შემოსავალი 237 მლნ ლარია. ამ თანხის 88 %, 208 მლნ ლარი მ/ო სექტორს სამომხმარებლო დაკრედიტებიდან აქვს მიღებული. 40%- 94 მლნ ლარი, ლომბარდიდან.
მისოების სასესხო პორტფელი 1,9 მლრდ ლარს შეადგენს და ყველაზე მეტი, 908 230 კრედიტი ფიზიკურ პირებს აქვთ აღებული. სულ, გაცემულია 909 200 სესხი.
მიკროსაფინანსო სექტორი ჯერჯერობით, ისევ 34 სუბიექტით, 2.2 მლრდ ლარის აქტივებით არის წარმოდგენილი (H1/2023 – 1.941 მლრდ; + 15.7%Y.Y).
TOP-4 მისო საკრედიტო პორტფელით
H1.2024 | ₾ | |
რიკო | 525 920 300 | ₾ |
კრისტალი | 469 647 850 | ₾ |
სვის კაპიტალი | 210 068 729 | ₾ |
MBC | 107 211 043 | ₾ |
ლაზიკა | 58 054 000 | ₾ |
წყარო: სებ-ი