მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ების და შპს-ების ბიუროკრატიული აპარატის ზრდის პარალელურად, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან იქ დასაქმებულთა ხელფასებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაშია აღნიშნული.
ამასთანავე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არაერთგვაროვანი სახელფასო პოლიტიკაა, რაც გამოიხატება ერთი და იმავე სამუშაო პოზიციაზე მნიშვნელოვნად განსხვავებული ანაზღაურების ოდენობით.
უარესდება ასეთი ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის ხარისხი.
კვლების მიხედვით, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან სუბსიდიის მუხლით გაწეული ხარჯები ყოველწლიურად, საშუალოდ, 26%-ით იზრდება. შედეგად, 2022 წელს 64 მუნიციპალიტეტის სუბსიდიის ჯამურმა ხარჯმა მილიარდ ლარს გადააჭარბა (1,049,202,528 ლარი);
- თბილისის ბიუჯეტიდან 2022 წელს სუბსიდიის ხარჯმა შეადგინა 569.1 მილიონი ლარი, რაც 89 მილიონი ლარით აღემატება ყველა სხვა მუნიციპალიტეტის მიერ სუბსიდიის მუხლით ერთად გაწეულ ხარჯს;
- თბილისის სსიპ-ების მიღებული დაფინანსება 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 50 მილიონი ლარით, ხოლო ა(ა)პი-ების დაფინანსება 30 მილიონი ლარით გაიზარდა. სსიპ-ებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ხარჯები 20%-ით (+2,3 მილიონი ლარი), ხოლო ა(ა)იპ-ების 23%-ით (+8.1 მილიონი) გაიზარდა;
- თბილისის ა(ა)იპ-ებში 2022 წელს დასაქმებული იყო 4,894 თანამშრომელი (შტატგარეშეების ჩათვლით), რომელთა შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა 55.1 მილიონი ლარი. 2016 წლის შემდეგ, ქალაქ თბილისის ა(ა)იპ-ების რიცხვი 79-დან 71-მდე შემცირდა, თუმცა დასაქმებულთა რიცხვი 3,684-დან 4,894-მდე გაიზარდა;
- თბილისის 2022 წელს ა(ა)იპ-ებს შორის ყველაზე მაღალი საშუალო შრომის ანაზღაურება იყო (3,395 ლარი) ა(ა)იპ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქში“, სადაც დასაქმებული 11 თანამშრომლიდან 9 მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. ასევე, ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდში (2,990), სადაც ფონდის დირექტორს ჰყავს 5 მოადგილე და 4 მრჩეველი;
- თბილისის ა(ა)იპ-ებში სახელფასო სისტემა არაერთგვაროვანია. მაგალითად, ა(ა)იპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს 58 თანამშრომელზე დაახლოებით იმავე ოდენობის ანაზღაურება გაიცა, რაც თბილისის ზოოლოგიური პარკის 143 თანამშრომელზე; მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს 365 თანამშრომელზე დაახლოებით 5-ჯერ მეტი შრომის ანაზღაურება გაიცა, ვიდრე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის 353 თანამშრომელზე.
- ბათუმის ა(ა)იპ-ების რაოდენობა, ბოლო ხუთ წელში, 16-დან 13-მდე შემცირდა, თუმცა მათი დაფინანსება დაახლოებით 6-ჯერ, დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 9%-ით, ხოლო მათი შრომის ანაზღაურების ხარჯები 89%-ით გაიზარდა;
- 2019 წლიდან 2022 წლამდე რუსთავის ა(ა)იპ-ების დაფინანსება ბიუჯეტიდან დაახლოებით ორჯერ (22.6 მილიონიდან 40.6 მილიონამდე) გაიზარდა, ხოლო შპს-ების დაფინანსება დაახლოებით სამჯერ (1.8 მილიონიდან 6.2 მილიონამდე) გაიზარდა. შედეგად, ა(ა)იპ-ების შრომის ანაზღაურების ხარჯი 11.1 მილიონიდან 18.6 მილიონამდე, ხოლო შპს-ების – 667.5 ათასიდან 3.6 მილიონამდე გაიზარდა;
- 2022 წელს 38 მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში იყო 447 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. მათ შორის, ყველაზე მეტი – 71 ა(ა)იპ) იყო თბილისის, ხოლო ყველაზე ცოტა – 4 ა(ა)იპ) ხობის მუნიციპალიტეტში.
- 2022 წელს 5 მუნიციპალიტეტში 7 ახალი ა(ა)იპ დაფუძნდა, სადაც დასაქმდა 401 თანამშრომელი და შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა 2.9 მილიონი ლარი. მათ შორის, ყვარლის მუნიციპალიტეტის 2 ახალ ა(ა)იპ-ში დასაქმებულია 281 თანამშრომელი;
- 34 მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს მუნიციპალურ ააიპ-ებში დასაქმებული იყო 33,549 თანამშრომელი. წინა წელთან შედარებით, ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა;
- ცალკეულ მუნიციპალიტეტებში, ააიპ-ებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის პროცენტული წილი მთლიან მოსახლეობაში 10%-ს აჭარბებს. მაგალითად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულია მოსახლეობის 15%, ცაგერში – 13%, ყაზბეგში – 10%;
- 2022 წელს, ა(ა)იპ-ების შრომის ანაზღაურების ზრდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 6%-დან 89%-მდე მერყეობს. მათ შორის, ყველაზე დიდი ზრდა იყო ყვარლის (+89%), დმანისის (+47%) და ჩხოროწყუს (+45%) მუნიციპალიტეტებში.