საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ რაჭაში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.
„კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. დიდი უბედურება ტრიალებს რაჭაში და მთელი საზოგადოება არის ამით შოკირებული. ძალიან ემოციურია აქ ყოფნა. რამდენიმე არასრულწლოვნის ცხედარი ამოვიყვანეთ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მინისტრის თქმით, გადასაადგილებლად გაშლილია საფეხმავლო ხიდი და სტიქიის ადგილზე დაახლოებით 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა არის თავმოყრილი.
თავდაცვის ძალები სამძებრო სამუშაოებში გუშინ, 5 აგვისტოს ჩაერთვნენ.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაიღუპულია 18 ადამიანი, მათგან ამ დროისთვის, 12 ადამიანის ამოცნობა მოხერხდა.
შოვში ამ დრომდე გრძელდება კიდევ 20-მდე დაკარგული ადამიანის ძებნა.