საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s საკუთარ ანგარიშში, რომელიც 26 მარტს გამოაქვეყნა, საქართველოს არსებული ეკონომიკური გარემოს და მმართველობის შეფასებისას, უარყოფით ფაქტორებს შორის საქართველოს ეროვნულ ბანკში განხორციელებულ ცვლილებებს ასახელებს.
ცვლილება რომელმაც IMF-ის პროგრამა შეაჩერა
სარეიტინგო სააგენტო მიუთითებს, რომ ეროვნულ ბანკში მმართველობასთან დაკავშირებულ ცვლილებები „აჩენს კითხვებს ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის შესახებ, რაც პოტენციურ უარყოფით გავლენას მოახდენს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) ურთიერთობაზე”.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს კითხვებს უჩენს 2023 წლის ივნისში სებ-ის კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც შეიქმნა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი.
„ბანკის მოქმედ სამ ვიცე-პრეზიდენტს დაემატა პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას, ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში. მენეჯმენტის სტრუქტურაში შეტანილმა ამ ცვლილებამ, Moody’s-ის აზრით, შეასუსტა ეროვნული ბანკის მმართველობა.
ორგანიზაციულ სტრუქტურასთან დაკავშირებული კითხვების გარდა, ამ ცვლილებების განხორციელების წესი აჩენს კითხვებს აღმასრულებელი ინსტიტუტების გამჭვირვალობის შესახებ.
კერძოდ, ცვლილებები მათ ამოქმედებამდე, სრულად არ განიხილებოდა სავალუტო ფონდთან, როგორც ამას ამჟამინდელი Stand-by-ის შეთანხმება მოითხოვს.
შედეგად, 2023 წლის ივლისში სავალუტო ფონდის შეშფოთებამ ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შესახებ, Stand-by შეთანხმების პროგრესი შეაფერხა.
Moody’s-ის აზრით, ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან ცვლილებას საქართველოს ურთიერთობაში IMF-თან, რომელიც ძალიან მჭიდრო და ეფექტური იყო ქვეყნის ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის თვალსაზრისით”,- წერია შეფასების დოკუმენტში.
შენიშვნა ფარცხალაძისთვის მიღებული გამონაკლისისთვის
გარდა ამისა, სარეიტინგო სააგენტო ყურადღებას ამახვილებს 2023 წლის სექტემბერში, ეროვნულმა ბანკის მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმართ დასავლური სანქციების აღსრულების წესის ცვლილებაზე.
როგორც ცნობილია, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ გასული წლის სექტემბერში გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, კომერციულ ბანკებს სებ-გან მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეზე სანქციების გავრცელების ვალდებულება, თუკი მას საქართველოს სასამართლო სისტემაში არ აქვს ბრალი დამტკიცებული. ამ ბრძანების საფუძველზე სანქციებისგან გათავისუფლდა საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსანი, ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც აშშ-ის მთავრობამ სანქციები დაუწესა.
Moody’s-ის აზრით, ეს ფაქტები იწვევს რისკებს, განსაკუთრებით ფინანსური სექტორისთვის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებს შესაძლოა, გაურკვევლობა შეუქმნას ქართული ბანკების მიერ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების შესრულებაში.
„ეს საკითხები რისკის ქვეშ აყენებს ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის აღქმას და გაართულებს ბანკებისთვის სანქციების აღსრულების რეჟიმს, პოტენციურად შეაფერხებს მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობას და ფინანსურ სტაბილურობას და ძირს უთხრის პროგრესს, რომელიც მიღწეულია მაკროეკონომიკურ მენეჯმენტში, რაც ნეგატიურად იმოქმედებს საკრედიტო რეიტინგზე”,- წერია Moody’s-ის მიმოხილვაში.
განახლებული შეფასებით, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს საკრედიტო პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურით შეცვალა. ხოლო სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba2-ზე დონეზე დატოვა.