ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საქართველოში რუსული ბიზნეს მფლობელობის ფაქტორებით გამოწვეული რისკების კვლევა ჩაატარა.
კვლევაში განხილულია ქართულ ეკონომიკაში რუსული კაპიტალისა და ბიზნესმფლობელობის არსებობასთან დაკავშირებული რისკები და საფრთხეები.
ანალიზი ეფუძნება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიმოხილვას, რომელიც ასახავს რუსული კაპიტალის მოცულობას საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.
საქართველოს ყოველი არჩეული მთავრობა, გარკვეულწილად, მიესალმებოდა ქვეყანაში რუსული კაპიტალის შემოდინებას, მათ შორის, ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიც ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სექტორებია. ამ სექტორებში რუსული გავლენები განსაკუთრებით ძლიერია.
IDFI-ს მოკვლევის მიხედვით, საბანკო, სამშენებლო, ტურიზმისა და სატრანსპორტო სექტორებში ამჟამად არ იკვეთება მკაფიო და მნიშვნელოვანი რუსული ბიზნეს კავშირები. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ამ სექტორში რუსულ კაპიტალზე დამოკიდებულება იზრდება რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომისა და ქვეყანაში რუსი მიგრანტების გაზრდილი შემოდინების შედეგად.
რუსული გავლენა ენერგეტიკაში:
საქართველოს ენერგობაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რუსულ კომპანია ინტერ რაოს. კომპანია ფლობს ჰესებს ხრამჰესი 1 და ხრამჰესი 2. ინტერ რაო ასევე ფლობს წილების 75%-ს სს თელასში (2020 წლიდან თელმიკო), რომელიც საქართველოს დედაქალაქის ერთადერთი ენერგომიმწოდებელია და ემსახურება 697,4 ათას აბონენტს.
ამრიგად, ინტერ რაო აკონტროლებს საქართველოში ელექტროენერგიის გენერირებისა და მიწოდების მნიშვნელოვან რესურსებს
სს თელასის აქციების 75,11%-ს ფლობს Silk Road Holding B.V., რომელიც მთლიანად ინტერ რაოს საკუთრებაშია. ინტერ რაოს კი, თავის მხრივ, ფლობს და აკონტროლებს რუსეთის სახელმწიფო კომპანიები (მაგ. როსნეფტგაზი, ინტერ რაო კაპიტალი და Rosetti FGC EES).
სს თელასის აქციების 24,53%-ს ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილ კომპანია ბესტ ენერჯი ჯგუფის საკუთრებაშია. 2022 წლის მაისში ხვიჩა მაქაცარიამ ასევე შეიძინა ვიონი საქართველოს“ (ბილაინი) 100%-იანი წილი, ეს არის კომპანია, რომელიც დაკავშირებულია სანქცირებულ რუს ბიზნესმენ მიხაილ ფრიდმანთან.
რაც შეეხება ხრამჰესი 1-ს და ხრამჰესი 2-ს, აღნიშნული კომპანიების საკუთრებაში შედის GARDABANI HOLDINGS B.V, რომელიც უშუალოდ ინტერ რაოს ეკუთვნის.
ინტერ რაოს მფლობელობაშია კიდევ ერთი კომპანია – შპს ლუქს ენერჯი ტრეიდინგი, რომელიც შუამავალი კომპანიაა (წარსულში შპს ინტერ რაო საქართველო). კომპანია მონაწილეობს ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში, როგორც ექსპორტიორი, იმპორტიორი და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი. კომპანია ჩართულია საქართველოში რუსული ელექტროენერგიის იმპორტში.
რუსული კავშირები იკვეთება ენერგოსექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებშიც. კერძოდ, შპს მტკვარი ენერგია აშენებს მტკვარი ჰესის პროექტს. პროექტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 251,5 მლნ კვტ/სთ იქნება, ხოლო სს დარიალი ენერჯინ ყაზბეგში დარიალი ჰესს აშენებს.
რაც შეეხება მტკვარი ენერჯის, ის შპს მტკვარი ჰოლდინგის საკუთრებაა, ხოლო კომპანიის წილებს შპს ჯი სი ეფ პარტნიორები მართავს.
შპს ჯი სი ეფ პარტნიორები არის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანია, რომლის მფლობელიც საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი გიორგი ბაჩიაშვილია.
გარდა ამისა, მტკვარი ჰოლდინგის ენერგოპროექტების მოქმედი დირექტორი არის სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც საქართველოში ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ერთადერთი ოპერატორია და უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გადაცემასა და დისპეტჩერიზაციას.
ელექტროენერგიის გადაცემა ხდება ჰიდრო, თბო და ქარის ელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებამდე და რაც შეეხება სს დარიალი ენერჯის, კომპანიის აქციების 44,27% შპს ენერგიას ეკუთვნის, სადაც წილის 70%-ს რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძე ფლობს, 30%-ს კი – შპს ფერი.
მევლუდ ბლიაძე (70%-იანი წილით) და შპს ფერი (წილების 30%-ით) ფლობენ შილდააჰესს, რომელმაც 2021 წელს გამოიმუშავა 18 მლნ კვტ/სთ-ი ენერგია, რაც არის საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის რაოდენობის 0,1%.
არსებობს კომპანია შპს ფშავი ჰიდრო, რომელიც ფლობს 1,33 მეგავატი სიმძლავრის სკურდიდი ჰესს. კომპანიის 87%-იან წილს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე რაულ ქურდაძე ფლობს, ხოლო დარჩენილ 13%-ს, ასევე, საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე – ზვიად გუგავა.
ელექტროენერგიის მიწოდებისა და წარმოების გარდა, რუსული კავშირები გამოვლენილია საქართველოს ენერგეტიკის სხვა მნიშვნელოვან სფეროებშიც.
კერძოდ, სს საქრუსენერგო ფლობს და აკონტროლებს საქართველოს მნიშვნელოვან ელექტროგადამცემ ხაზებს (მათ შორის, იმ ხაზებს, რომლითაც საქართველო ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს). საქრუსენერგოს 50% საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის, 50% კი – რუსული გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემის ფედერალურ საქსელო კომპანიას.
მნიშვნელოვანია, რომ საქრუსენერგო ფლობს და ექსპლუატაციას უწევს შემდეგ ელექტროგადამცემ ხაზებს: 500 კვ ეგხ (ელექტროგადამცემი ხაზი) კავკასიონი, ქართლი 1, ქართლი 2, იმერეთი, იმერეთი 2, ასურეთი, სტეფანწმინდა-მოზდოკი, მუხრანი, მუხრანის ველი, მარნეული-აირუმი; გარდაბნის 330 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი; 220 კვ ეგხ აჭარა.
აღნიშნული სისტემებით საქრუსენერგო ექსპლუატაციას უწევს როგორც შიდა სისტემებს, ისე აკავშირებს საქართველოსა და რუსეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს.
შემაშფოთებელია ისიც, რომ ელექტროენერგიის სექტორში რუსული ბიზნესების არსებობა შეინიშნება სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ელექტროენერგიის წარმოების, ისე მიწოდების, გადაცემის და ვაჭრობის მიმართულებებში.
ნავთობისა და ბუნებრივი აირის სექტორი
ამ სექტორში რუსული კაპიტალის არსებობის შესახებ მწირი მტკიცებულება არსებობს, გარდა ლუკოილისა და გალფისა, რომლებიც იმ კომპანიების ხუთეულში შედიან, რომლებიც საქართველოს საცალო ბაზრის 59%-მდე წილს აკონტროლებენ. ბუნებრივი აირის სექტორში რუსული კაპიტალის არსებობის ნიშნები არ იკვეთება.
ლუკოილ ჯორჯია რუსულ სააქციო საზოგადოება ლუკოილს ეკუთვნის.
რუსული ლუკოილი 2022 წლის იანვარში ამერიკის მიერ სანქცირებული კომპანიების სიაში მოხვდა, რამაც მისი პროექტები შეზღუდა. კომპანიის მონაცემებით, ის საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს 57 ბენზინგასამართ სადგურს, მათგან 21 მდებარეობს დედაქალაქში ლუკოილ ჯორჯია წლებია აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში. კომპანიის მიერ საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 200 მლნ ლარს აღწევს.
ლუკოილ ჯორჯიასთან დაკავშირებულია საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის – ოთარ ფარცხალაძის სახელი. ის 2017 წელს იკავებდა ლუკოილის დირექტორის მოადგილის თანამდებობას. ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოიკვეთა, რომ ნავთობის ტრანსპორტირების პოტენციურ კორუფციულ სქემებში უშუალოდ ოთარ ფარცხალაძე და ლუკოილი იყო ჩართული.
საქართველოს ნავთობის ბაზარზე კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშე კომპანია პეტროკას ენერჯი ჯორჯიაა, რომელიც დაკავშირებულია რუსულ კომპანია როსნეფტთან და ქართველ ბიზნესმენ დავით იაკობაშვილთან.
პეტროკას ენერჯი ჯორჯია საქართველოში რამდენიმე მსხვილ კომპანიას აკონტროლებს ნავთობის სფეროში:
1. შპს ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ (ფოთის ნავთობტერმინალი),
2. სან პეტროლიუმ ჯორჯია (გალფის ბენზინგასამართი სადგურების ქსელი),
3. გალფ ავიაცია
ჩენელ (ფოთი) ლიმითედ ენერჯი ფლობს შპს ფოთი ტერმინალ ჰოლდინგის (ფოთის ნავთობტერმინალის) 32,67%-ს. ნავთობტერმინალის სხვა დანარჩენი მეწილეები ვირჯინიის კუნძულებზე არიან რეგისტრირებულნი. რაც შეეხება კომპანია გალფ ავიაციას, ის საწვავს აწვდის თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებს.
2022 წლამდე პეტროკას ენერჯი ჯორჯიას აქციების 49% ეკუთვნოდა რუსულ როსნეფტს. 2022 წლის მაისში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომთან დაკავშირებით სანქციების პაკეტის დაწესების შემდეგ, პეტროკასის აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო ნაკაიძემ რუსული როსნეფტის აქციები შეიძინა, რის შემდეგაც რუსული კომპანიები ან რუსეთის მოქალაქეები კომპანიის მფლობელობაში ამჟამად აღარ არიან წარმოდგენილი.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მფლობელობის ცვლილების შემდეგ, მოგვიანებით, 2022 წელს, უკრაინულ პლატფორმაზე ომი და სანქციები გაჩნდა ჩანაწერი პეტროკას ენერჯი ჯორჯიას დედა კომპანიის (პეტროკას ენერჯი ინთერნეიშენალ ლიმითედი) და მისი დამფუძნებლის – ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის შესახებ, რომ „მათ მჭიდრო კავშირი აქვთ რუსულ რეჟიმთან“.
კომუნიკაციები
კომუნიკაციების სექტორში რუსული კაპიტალი დაკავშირებულია ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ვიონ ჯორჯიასა და აღნიშნულ სექტორში ფრიდონ ინჯიას ოჯახის გავლენასთან.
პოლიტიკოსი ფრიდონ ინჯია ცნობილია ანტიდასავლური და პრორუსული განცხადებებით. ინჯიას ოჯახის წევრები (შვილი და მეუღლე) საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეები არიან.
IDFI-ის მონაცემებით, ფრიდონ ინჯია აკონტროლებს საქართველოში ფიქსირებული სატელეფონო ბაზრის 24,19%-ს და ფიქსირებული ინტერნეტკავშირის ბაზრის 6,2%-ს. კომუნიკაციების სექტორში ინჯიას კომპანიებია: ახალი ქსელები, სისტემ ნეტი, CGC და „ფოპნეტი”.
ფოპნეტი უზრუნველყოფს მომსახურებას საქალაქთაშორისო არხებით თბილისიდან საქართველოს დიდი ქალაქებისა და, აგრეთვე, თბილისიდან რუსეთის, დსთ-ის, ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით. კომპანიის პარტნიორია რუსული კომპანია ვესტელკომი, რომელიც, თავის მხრივ, რუსული საკომუნიკაციო კომპანია როსტელეკომის შვილობილი კომპანიაა.
ფიჭური საკომუნიკაციო კომპანია ვიონ საქართველო, რომელიც ასევე, ცნობილია მობილური ოპერატორი ბილაინის სახელით, ამჟამად ეკუთვნის ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას, რომელმაც 2022 წელს შეიძინა ვიონ ჯორჯიას 100%-იანი წილი. მანამდე ბილაინი საქართველოს თანამესაკუთრე იყო რუსი სანქცირებული ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანი. ვიონ საქართველოში ამ დროისათვის ხილული რუსული კავშირები არ შეინიშნება.
გარდა ზემოაღნიშნული კავშირებისა, რუსული კაპიტალი გამოვლინდა სამაუწყებლო კომპანია R.B.G.-ში, რომელიც რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ORT) გადაცემების ქართულ თარგმანს უშვებს.
კომპანიის მფლობელები რუსეთის მოქალაქე ოლგამილიევა(90%) და საქართველოს მოქალაქე ირაკლი ადამია არიან (10%).
სასარგებლო წიაღისეული და მინერალური წყლები
სასარგებლო წიაღისეულისა და მინერალური წყლების სექტორში სულ ოპერირებს 3,069 ლიცენზიის მფლობელი კომპანია, თუმცა, არსებობს შვიდი ძირითადი კომპანია, რომლებშიც იკვეთება კავშირები რუსულ ბიზნესებსა და რუსეთის მოქალაქეებთან.
ამ კომპანიების რიცხვს მიეკუთვნება: შპს Rich Metals Group (RMG), შპს კაპიტალ ჯგუფი, შპს მეგა ჰოლდინგი (თბილცემენტ ჯგუფი), შპს მინერალური წყალი საირმე, შპს IDS Borjomi, გრუზვინპრომი, და შპს მიქსორი.
საბანკო სექტორი, ტურიზმი, სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორი
დაბოლოს, საბანკო სექტორში, ტურიზმის, სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორებში არ იკვეთება რუსული კაპიტალის მნიშვნელოვანი კონცენტრაცია. საბანკო სექტორში შედიოდა ვითიბი ბანკ ჯორჯია, რომლის მთლიანმა კაპიტალმა 2020 წელს ქართული ბაზრის 4% შეადგინა. ვითიბი ბანკის 97,38%-ს ფლობდა რუსული ვეტებე ბანკი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ვითიბიმ საკუთარი პორტფელები სხვა ბანკებზე გაასხვისა.
ტურიზმისა და სასტუმრო მომსახურების ინდუსტრიაში, ისევე, როგორც სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორში, IDFI-ს არ გამოუვლენია რუსული კაპიტალის მნიშვნელოვანი ან საყურადღებო კონცენტრაცია. არსებული ინფორმაციის თანახმად, სამშენებლო სექტორში რეგისტრირებული საშუალო ზომის 20 კომპანიიდან, მხოლოდ სამის შემთხვევაში იკვეთება რუსეთთან კავშირი მაშინ, როცა სატრანსპორტო სექტორში საშუალო ბიზნესსუბიექტების მხოლოდ 10% (36 კომპანია) ეკუთვნის რუსეთის მოქალაქეებს.
უცხოური კაპიტალის მნიშვნელოვანი კონცენტრაცია ნებისმიერ სექტორში, განსაკუთრებით, კრიტიკული მნიშვნელობის სექტორებში (მაგ. ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციის და სატრანსპორტო სექტორებში), ქმნის „სექტორის მიტაცების“ რისკს, რა დროსაც უცხოურ აქტორებს ეძლევათ ეკონომიკური ინსტრუმენტებით, მაგ., ფასებით, მანიპულაციის შესაძლებლობა.
აღნიშნული საფრთხე განსაკუთრებით მწვავდება მაშინ, როცა კაპიტალს ფლობენ მტრულად განწყობილი სახელმწიფო აქტორები, ისეთები, როგორიც საქართველოს შემთხვევაში რუსეთია. უცხოური კაპიტალის მნიშვნელოვან კონცენტრაციას შეუძლია გამოიწვიოს მიწოდების ჯაჭვების შეფერხებაც, რამაც შესაძლოა პოტენციურად ზიანი მიაყენოს საზოგადოებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საბაზისო სერვისების მიწოდებას.