„რუსეთმა მაგალითი უნდა აიღოს ინდოეთიდან და აიძულოს ოფიციალური პირები, ისარგებლონ ადგილობრივი წარმოების მანქანებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უფრო მოკრძალებულად გამოიყურებიან, ვიდრე აუდი, მერსედესი“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის დროს განაცხადა.
მან თქვა, რომ ჩინოვნიკებისთვის რუსული მანქანების შესყიდვა მალე დაიწყება.
„დაე, მართონ შიდა წარმოების მანქანები. იცით, 90-იან წლებში მანქანები არ იყო, ახლა კი არის. შეიძლება უფრო მოკრძალებულად გამოიყურებოდეს, ვიდრე მერსედესი ან აუდი, მაგრამ ეს არაფერია“, – თქვა პუტინმა.
რუსეთში ადგილობრივი ავტომანქანების უმეტესობა ავტოვაზ–ის მოდელებია.
მსოფლიოს ავტომწარმოებლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ჩინეთის გარდა, რუსეთში იმპორტი შეწყვიტა. ამავდროულად, რუსი მწარმოებლები, იმპორტირებული კომპონენტების დეფიციტის გამო, სრული დატვირთვით ვეღარ მუშაობენ.
სანქციების პირობებში, რუსი ავტომწარმოებლები მანქანების ასაწყობად მზა ჩინურ მანქანებს იყენებენ. მაგალითად, ავტოვაზ–ის მიერ სანკტ-პეტერბურგის ქარხანაში აწყობილი Lada X-Cross 5 სინამდვილეში არის ჩინური FAW Bestune T77 კროსოვერი ავტოვაზ-ის ლოგოთი.
ჩინურ მანქანებს აწყობს რუსული მოსკვიჩიც. მისი მოდელები ჩინური JAC-ის ავტომობილების გამეორებაა.