Yandex-ის საკონტროლო პაკეტს ე.წ. „რუსი მილიარდერების კონსორციუმი” გაიყოფს.
ვლადიმერ პუტინის მიერ შედგენილ Yandex-ის პოტენციური მფლობელების სიაში საბოლოოდ, ოთხი მყიდველი დარჩა: ვლადიმერ პოტანინი – ინტერროს ჰოლდინგის მფლობელი; ალექსეი მორდაშოვი – სევერსტალის მთავარი აქციონერი; Lukoil-ის დამფუძნებელი ვაგიტ ალეკპეროვი და ვითიბი ბანკი.
ყველა მათგანი ე.წ. „მილიარდერთა კონსორციუმში” შედის.
Bloomberg-ის ინფორმაციით, პოტანინმა და ალეკპეროვმა Yandex-ის აქციების შესაძენად, $7-7,5 მილიარდის შეთავაზებები უკვე გააკეთეს.
რა წილი ექნება თითოეულ მათგანს, ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, Yandex-ის საკონტროლო პაკეტი მათ შორის დაახლოებით თანაბრად გაიყოფა.
აქციების მცირე ნაწილი კომპანიის ამჟამინდელ ტოპ მენეჯერებს ექნებათ.
მყიდველთა სიაში მოხვედრის კანდიდატები ასევე იყვნენ Yandex-ის ამჟამინდელი მინორიტარი მეწილე რომან აბრამოვიჩი, ბიზნესმენი და პუტინის მეგობარი იური კოვალჩუკი და Novatek-ის მფლობელი ლეონიდ მიხელსონი.
Yandex-ის მთავარი აქციონერი კომპანიის დამფუძნებლის – არკადი ვოლოჟის ოჯახია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვოლოჟინი რუსეთში აღარ დაბრუნდა და რუსეთში ბიზნესის დატოვება გადაწყვიტა.
თუ დირექტორთა საბჭო მხარს დაუჭერს, კომპანია დააარსებს ახალ შვილობილ კომპანიას რუსეთში, რომელიც მიიღებს Yandex-ის ყველა რუსულ და ზოგიერთ უცხოურ პროექტს. მას Yandex N.V. მიჰყიდის საკონტროლო წილს და სანაცვლოდ მიიღებს თანხას და ლიცენზიებს კომპანიის მთელ რიგ ტექნოლოგიებზე, რომლებსაც ის დამოუკიდებლად განავითარებს საზღვარგარეთ, მათ შორის უპილოტო მანქანებს.
გარიგება სავარაუდოდ, 2023 წლის შემოდგომაზე დასრულდება.