რა თანხა შედის ბიუჯეტში თბილისში არსწორი პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმებით
2023 წელს, გასულ წელთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 14 მლნ ლარით, დაახლოებით, 280%-ით გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, გასულ წელს დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 19,024 მლნ ლარი შევიდა, 2022 წელს – 5,020 მლნ ლარი, 2021 წელს კი მხოლოდ 3,325 მლნ ლარი.
ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა და ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა, შესაბამისად, მოცულობის ზრდა ნაწილობრივ სწორედ ამ ცვლილებით არის განპირობებული.
გარდა ამისა, 2023 წლის განმავლობაში თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დამატებით რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდა, რამაც ასევე გაზარდა ჯარიმების სახით გადახდილი თანხების ოდენობა.
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლის ზაფხულში დაინერგა. თავდაპირველად საპილოტე ვერსია კოტე აფხაზისა და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაეშვა. მოგვიანებით აღნიშნული სისტემა ამოქმედდა დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა უკვე მუშაობს გლდანის, სამგორის, საბურთალოს, ვაკისა და ძველი თბილისის სხვადასხვა ქუჩებზე.
2024 წლის 1-ლი აპრილიდან კი ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დიდუბეში, კერძოდ წერეთლის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება.
გასათვალისწინებელია, რომ ფასიანი პარკირების ზონაში ავტომანქანის გაჩერება უფასოა შემდეგი კატეგორიებისთვის:
- 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებთათვის;
- ელექტრომობილების მფლობელებისთვის;
- შშმ პირის საცნობი ნიშნის მქონე ავტომობილებისთვის;
- განსაზღვრულ ადგილებში ნებართვის მქონე ტაქსებისთვის;
რაც შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირების საშვებს, ის რამდენიმე კატეგორიისა. კერძოდ, მოქმედებს როგორც 1-დღიანი, ასევე 1-წლიანი საშვები.
1-დღიანი ზონალურ საათობრივი პარკირების საშვი, რომელიც მოიცავს პარკირების საშვის საფასურსაც 20 ლარი ღირს, ამავე კატეგორიის 1-კვირიანი საშვის ღირებულება 100 ლარია, 1-თვიანის – 300 ლარი, 6-თვიანის – 500 ლარი, ხოლო ერთწლიანის საფასური 800 ლარს შეადგენს.