კვირა ნავთობის გაძვირებით დაიწყო, რადგან ტოპ ექსპორტიორებმა – საუდის არაბეთმა და რუსეთმა განაცხადეს, რომ ნავთობის მოპოვების შემცირებულ გეგმას წლის ბოლომდე შეინარჩუნებენ. ამასთანავე, ინვესტორები აშშ-ის მიერ ირანულ ნავთობზე სანქციების გამკაცრებასაც ელოდებიან.
Brent-ის ნავთობის ფიუჩერსები ბარელზე $84,89-მდე გაიზარდა, ხოლო აშშ-ს West Texas Intermediate $80,92 გახდა.
საუდის არაბეთმა დაადასტურა, რომ დეკემბერში გააგრძელებს ნავთობის მოპოვების დამატებით ნებაყოფლობით შემცირებას 1 მილიონი ბარელით დღეში, რათა გამომუშავება დღიურად 9 მილიონ ბარელზე შეინარჩუნოს.
რუსეთმა ასევე განაცხადა, რომ გააგრძელებს ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების შემცირებას დღეში 300,000 ბარელით.
გასულ კვირას, როგორც Brent-ის, ასევე WTI-ის კონტრაქტები დაახლოებით 6%-ით გაიაფდა, რადგან გეოპოლიტიკური რისკი შემცირდა ამერიკელი დიპლომატებისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონული ლიდერების შეხვედრის ფონზე.
მაგრამ ისრაელი-ჰამასის ომი ისევ რჩება ფასების ზრდის ძირითად რისკად.
მიმდინარე კვირაში ინვესტორები ასევე ელოდებიან ახალ ეკონომიკურ მონაცემებს ჩინეთიდან.
პარასკევს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი ირანის ნავთობზე სანქციების გამკაცრების შესახებ, რომელიც შეზღუდვებს უწესებს უცხოურ პორტებსა და გადამამუშავებელ ქარხნებს, რომლებიც ირანიდან ექსპორტირებულ ნავთობს ამუშავებენ.
ინვესტორები დაელოდებიან, რამდენად იმოქმედებს შეზღუდვები ირანის ნავთობის ექსპორტზე. ასეთი სანქციები ადრეც ყოფილა, თუმცა, ჩინეთი მაინც აგრძელებდა ირანული ნავთობის იმპორტს.