წინა ვაჭრობისას 4%-ზე მეტად გაძვირების შემდეგ ნავთობის ფასმა დღეს კლება დაიწყო. ტრეიდერები სიფრთხილეს იჩენენ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირებით გამოწვეული გაურკვევლობის ფონზე.
Brent-ის ნავთობის ფასი 30 ცენტით, ანუ 0,3%-ით დაეცა და $87,85-ს შეადგენს ბარელზე, ხოლო აშშ-ის West Texas Intermediate-ის ნავთობის ფასი შემცირდა 31 ცენტით, ანუ 0,4%-ით და ბარელი $86,07 ღირს.
ისრაელზე შაბათ-კვირას განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ბაზრებზე ჯერ კიდევ გაურკვევლობაა. ინვესტორები ელოდებიან დაზუსტებულ ცნობებს სამხედრო კონფლიქტში ირანის შესაძლო მონაწილეობის შესახებ.
ანალიტიკოსების შეფასებით, კონფლიქტში ირანის ჩართულობის შემთხვევაში ნავთობის ფასი გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ძალიან ცოტა ნედლ ნავთობს აწარმოებს, კონფლიქტის გამწვავება საწვავის მიწოდებას შეამცირებს და დეფიციტს გამოიწვევს.