დღეს, 23 ოქტომბერს, ნავთობის ფასი $1-ზე მეტით დაეცა, რადგან ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიური ძალისხმევა გაძლიერდა. ამ ინფორმაციამ ნავთობის მიწოდების შეფერხების მოლოდინი შეამცირა.
Benrt-ის ფიუჩერსები ბარელზე 67 ცენტით, $91,49- მდე დაეცა.
ხოლო აშშ-ის West Texas Intermediate-ის ფიუჩერსები 82 ცენტით შემცირდა და ბარელზე $87,26 შეადგინა.
ნავთობის ბაზარს გარკვეული შვება მისცა იმ ფაქტმა, რომ ისრაელმა შეაჩერა დაგეგმილი სახმელეთო ოპერაცია ჩრდილოეთ ღაზაში მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკების მიზნით.
როგორც ამერიკული მედია წერს, ოპერაციის შეჩერება ისრაელს თეთრი სახლის ადმინისტრაციამ სთხოვა მძევლების გათავისუფლებაზე ტერორისტებთან მოლაპარაკებების მიზნით. ამ კვირაში ისრაელში ჩავლენ საფრანგეთისა და ნიდერლანდების ლიდერები კონფლიქტიდან გამოსავლის მოძებნის მიზნით.
ნავთობის ფასი ზედიზედ ორი კვირა იზრდებოდა მიწოდების პოტენციური შეფერხების შიშით. ეს კი გარდაუვალი იქნებოდა, თუ ისრაელ-ჰამასის ომი უფრო ფართო კონფრონტაციად გადაიქცეოდა ახლო აღმოსავლეთში, მსოფლიოს ყველაზე დიდ ნავთობმომარაგების რეგიონში.
ეგვიპტიდან დახმარების კოლონები ღაზას სექტორისკენ შაბათს დაიძრნენ. არაბული სახელმწიფოების ლიდერები და საგარეო საქმეთა მინისტრები კი კაიროში სამიტზე შეიკრიბნენ, მაგრამ ერთობლივ განცხადებაზე ვერ შეთანხმდნენ.
ANZ Research-ის ანალიტიკოსები კი იმედოვნებდნენ, რომ ისრაელ-ჰამასის ომი ახლო აღმოსავლეთში არ გავრცელდება და არ შეაფერხებს ნავთობის მიწოდებას.