ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავებამ ნავთობის ფასი ისევ გაზარდა.
ღაზას სექტორში საავადმყოფოს აფეთქებამ, რამაც ასობით ადამიანის დაღუპვა გამოიწვია, გაზარდა საფრთხე, რომ რეგიონიდან ნავთობის მიწოდება შეიძლება შეფერხდეს.
Brent-ის ფიუჩერსი გაიზარდა $1,75-ით, ანუ 2%-ით და ბარელზე $91,65-ს მიაღწია.
WTI $1,91-ით გაძვირდა და ბარელზე $88,57 შეადგინა.
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი მწვავდება. საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ იორდანიამ გააუქმა სამიტი, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეგვიპტისა და პალესტინის ლიდერებს უნდა შეხვედროდა.
ბაზარი ისევ ელოდება ღაზაში ისრაელის სახმელეთო შეტევას, რაც მოლოდინებს აუარესებს.
იზრდება ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის გაფართოების რისკი, რაც მასში ირანის ჩართვას გულისხმობს. ამ სცენარის შემთხვევაში, ექსპერტების შეფასებით, ნავთობის ფასი $100-ს მიაღწევს.
ნავთობის ფასზე მოქმედებს ჩინეთში მესამე კვარტალში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდაც. სექტემბერში ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა წარმოება რეკორდულად გაზარდეს.
თუმცა, ექსპერტების შეფასებით, ჩინეთში ეკონომიკის აღდგენა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, რადგან უძრავი ქონების სექტორს ისევ პრობლემები აქვს.
წინა კვირაში აშშ-ის ნედლი ნავთობის მარაგი დაახლოებით 4,4 მილიონი ბარელით დაეცა.
ახალი ოფიციალური მონაცემები მარაგების შესახებ, რაც საწვავის ფასის ცვლილების კიდევ ერთი ფაქტორია, დღეს გამოქვეყნდება.