2023 წლის 31 ოქტომბრისთვის საპენსიო ფონდში საქართველოს მოქალაქეების 4 მლრდ 027 მლნ ლარის დანაზოგია განთავსებული.
საპენსიო თანხები სამ საინვესტიციო პორტფელშია გადანაწილებული: კონსერვატიული (ნაკლებად რისკიანი), დაბალანსებული (საშუალორისკიანი) და დინამიური (მაღალრისკიანი).
საპენსიო სააგენტოს მონაცემების თანახმად, დანაზოგების 73% (2,9 მლრდ ლარი) დინამიურ საინვესტიციო პორტფელშია განთავსებული.
* დინამიური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი: თანხის მოცულობა – 2 მლრდ 941 მლნ ლარი, მონაწილეთა რაოდენობა – 914, 6 ათასი, ოქტომბრის ამონაგები – 0.35%;
* დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელი: დანაზოგი – 614 მლნ ლარი, მონაწილეთა რიცხვი – 203 450, ოქტომბრის ამონაგები – 0.42%;
* კონსერვატიული (ნაკლებად რისკიანი) საინვესტიციო პორტფელი: ფონდის მოცულობა – 472 მლნ ლარი, მონაწილეთა რაოდენობა – 169 ათასი, ოქტომბრის ამონაგები – 0.58%.
მიმდინარე წლის აგვისტოში, მთავრობის გადაწყვეტილებით, საპენსიო სააგენტომ მოსახლეობის დანაზოგები ასაკის მიხედვით ავტომატურად გადაანაწილა სხვადასხვა რისკიანობის საინვესტიციო პორტფელში. კერძოდ, 40 წლამდე პირების დანაზოგები მაღალრისკიან პორტფელში განთავსდა, 40-დან 50 წლამდე მოქალაქეების – საშუალორისკიან პორტფელში, ხოლო 50-ს ზემოთ პირების თანხები – დაბალრისკიანში. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეების საპენსიო დანაზოგები 2028 წლამდე ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში დარჩება და პორტფელი შეიცვლება მხოლოდ ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში.
2024 წლის 3 იანვრიდან ყველა ის პირი, ვისაც 2023 წლის 6 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე პერიოდში საპენსიო პორტფელი თავად არ აურჩევია, ავტომატურად კონსერვატიულ (ნაკლებად რისკიან) საინვესტიციო პორტფელში მოხვდება.