საქართველოს მოსახლეობის 63% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 37% კი – სწორი მიმართულებით. ასეთი შედეგი აჩვენა Edison Research-ის კვლევამ, რომელიც საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი კომპანიამ ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩაატარა.
ამასთან, უკანასკნელი სამი კვლევის შედეგებით, გაზრდილია მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. დეკემბერში ასეთი ადამიანების რაოდენობა 57% იყო, აპრილში – 59%.
იმათი მაჩვენებელი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ყველაზე მაღალია 25-34 წლის ასაკობრივ ჯგუფში – 72%. 18-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 71%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ მათი რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ყველა ცალკეულ ასაკობრივ ჯგუფში უმრავლესობაშია.
კვლევაში საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და უფროსი ასაკის 1 000 ადამიანი მონაწილეობდა.
შესაძლო ცდომილება არის +/-2,5% საქართველოს მასშტაბით და +/-2,5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. გამოკითხვის საველე სამუშაოები 11-24 ივლისის პერიოდში მიმდინარეობდა.