Telegram-ის მომხმარებელთა რიცხვი მილიარდს მიუახლოვდა, – ამის შესახებ ცნობილი სოციალური ქსელის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა საკუთარ Telegram-ის არხზე დაწერა.
რუსი მეწარმე ამბობს, რომ გაზაფხულიდან სოციალური მედიის პლატფორმამ 50 მილიონი მომხმარებელი მოიპოვა და საერთო რაოდენობა 950 მილიონამდე გაიზარდა.
მისივე თქმით, პლატფორმაზე ყოველდღიურად 450 მილიონი ადამიანი შედის და ის მეექვსე ყველაზე ხშირად გამოყენებული და ჩამოტვირთული აპლიკაციაა მსოფლიოში.
სოციალური მედიის აპლიკაცია განსაკუთრებით პოპულარულია რუსეთსა და უკრაინაში. მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდა უკრაინაში ომის ესკალაციისა და Meta-ს მიერ WhatsApp-ის პარამეტრის ცვლილების შემდეგ.
Meta-გან განსხვავებით, Telegram არ ზღუდავს მომხმარებლის კონტენტს.
Telegram უკრაინასა და ევროკავშირში
უკრაინა ითხოვს რუსული წარმოების აპლიკაციის აკრძალვას და აცხადებს, რომ ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, მუდმივად აკრიტიკებს პლატფორმას რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების გამო.
ბუდანოვმა აპრილში განაცხადა, რომ Telegram-ის პოპულარობამ “უზარმაზარი პრობლემა” შეუქმნა უკრაინას, შეზღუდოს არასწორი ინფორმაცია.
ევროკავშირში ასევე აპირებენ Telegram-თვის რეგულაციების შემოღებას.