კომუნიკაციების ეროვნული კომისიის( ComCom) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში მსმენელებისთვის რადიოს შერჩევის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებს მუსიკა და საინფორმაციო გადაცემები წარმოადგენს. კერძოდ, მუსიკას ყოველდღიურად გამოკითხულთა 74% უსმენს, ახალ ამბებს კი – 39%.
14% აცხადებს, რომ ისინი სპორტულ გადაცემებს ანიჭებენ უპირატესობას, 11%-თვის კი სამედიცინო შინაარსის გადაცემებია მნიშვნელოვანი.
ამასთან ერთად, გამოკითხული რესპონდენტების შეფასებით, რადიოს დაჭერის ხარისხი მთლიანობაში კარგია, თუმცა, დაჭერასთან დაკავშირებული ხარვეზები მაინც არსებობს და ამ ტიპის პრობლემას ძირითადად შორ დისტანციაზე, ცენტრალურ მაგისტრალზე ან მაღალმთიან რეგიონში გადაადგილებისას ხვდებიან. კვლევის მონაწილეების აზრით, ქართულ რადიოსივრცეში იდენტიფიცირებული საჭიროებები უმეტესად გადაცემების შინაარსს და რადიოს ხელმისაწვდომობის ტექნიკურ მხარეს ეხება.
კვლევაში მონაწილე რესპონდენტების უმრავლესობის – 58%-ის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნად რადიომაუწყებლის ტიპს, რომლის დამატების საჭიროებაც არსებობს, საერთო რადიო წარმოადგენს, მაშინ, როდესაც გამოკითხულთა 22% მიიჩნევს, რომ სპეციალიზებული რადიოს დამატების საჭიროება დგას. ამასთან, გამოკითხულთა თითქმის სრული უმრავლესობა – 91% თვლის, რომ რადიოები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა მაუწყებლობდნენ, მხოლოდ 6% კი, რეგიონულ რადიოს ემხრობა.
კვლევის საფუძველზე, ComCom-მა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დაამტკიცა, რის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით, 14 სამაუწყებლო ზონაში, მათ შორის თბილისში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სტეფანწმინდასა და გუდაურში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, სამეგრელოში, სვანეთში, გურიასა და აჭარაში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კომისია კონკურსებს გამოაცხადებს.