როგორც ცნობილია, ქვეყანაში მიწის სისტემური რეგისტრაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში მიწის ნაკვეთების აზომვა და დარეგისტრირება ხდება.
კერძო მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირებისა და მათი რეგისტრაციის შემდეგ დარჩენილი ნაკვეთები სახელმწიფოს გადაეცემა. აღნიშნული მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირდება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის – დავით დევიძის თქმით, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის დასრულების შემდეგ, „არ დარჩება არცერთი ნაკვეთი, რომელზედაც არ იქნება საკუთრება რეგისტრირებული”.
ამ დროისთვის სრულად უნდა იყოს აზომილი მიწის ფართობი და განსაზღვრული უნდა იყოს მათი მდებარეობა, კოორდინატები, რათა სახელმწიფოს სრული ინფორმაცია ჰქონდეს ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების, მათი ფართობის, კონფიგურაციისა და მდებარეობის შესახებ.
დავით დევიძის თქმით, ამ ინფორმაციის თავმოყრა და დაზუსტება სახელმწიფოს მომავალში მიზნობრივი პროექტების განხორციელებისთვის სჭირდება.
მიწის სისტემური რეგისტრაცია 2022 წლიდან დაიწყო 59 მუნიციპალიტეტში. 2023 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კი მიწის რეგისტრაცია თბილისის მერიის მიერ განსაზღვრულ არეალებზე ხორციელდება. მიწის ნაკვეთების აზომვა და რეგისტრაცია მოქალაქისათვის უფასოა.
დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით აზომილია 524 ათასამდე მიწის ნაკვეთი, რაც 172 ათას ჰექტარს შეადგენს. აქედან რეგისტრირებულია 426 ათასი ნაკვეთი.
მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.