არგენტინაში ჰიპერინფლაციაა. პესოს გაუფასურების შემდეგ, არგენტინელები წინასაახალწლოდ ინფლაციისგან მძიმე დარტყმას განიცდიან. ამის შესახებ Financial Times წერს.
საკონსულტაციო კომპანია Ecolatina-ს პროგნოზით, დეკემბერში არგენტინაში ინფლაცია 25-30%-ს მიაღწევს.
მეწარმეები იძულებულნი არიან, პროდუქციის ფასები დღეში რამდენჯერმე შეცვალონ.
ერთ თვეში 50%-ზე მეტად გაძვირდა ძირითადი საკვები პროდუქტები: ბრინჯი, პური, რძე, ხოლო არგენტინელების მთავარი საახალწლო პროდუქტი – საქონლის ხორცი – 40%-ით. ბენზინის ფასი 80%-ით გაიზარდა.
ფასების სწრაფი ზრდა განაპირობა არგენტინის ახალი მთავრობის ნაბიჯმა, თავისუფალ ცურვაში გაეშვა ეროვნული ვალუტა და გაეუქმებინა ფიქსირებული ფასები.
ცნობისთვის, წინა მთავრობა საკვებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ინტერნეტზე ფასებს ხელოვნურად აჩერებდა.
არგენტინის ახალმა პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ, თანამდებობის დაკავებიდან ორი დღის შემდეგ, დაიწყო სახელმწიფო ხარჯების შემცირება სუბსიდიების ჩათვლით. შეამცირა მთავრობის ზომა, გააუქმა არაერთი რეგულაცია. ის ცვლის შრომის კანონებს და აწესებს შეზღუდვებს გაფიცვებზე.
პრეზიდენტის რეფორმები მოსახლეობამ ბუენოს აირესის ქუჩებში გამოსვლით გააპროტესტა.
ეკონომისტების შეფასებით, მილეის გატარებული ზომები აუცილებელია ქვეყნის ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად. ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ არგენტინაში ინფლაციის დაჩქარების რისკი არსებობს. ზოგიერთი ექსპერტი კი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელი რეცესია ხელს შეუშლის ფასების სწრაფ ზრდას.
სანამ მილეის რეფორმების შედეგი გამოჩნდება, არგენტინელების სოციალური პირობებ მძიმდება. მათი ხელფასები ვეღარ ეწევა ინფლაციას.
JPMorgan არგენტინის ეკონომიკის სწრაფ შემცირებას პროგნოზირებს. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ 2024 წელს მშპ იქნება -3%, ხოლო ფასების ზრდა მომავალი წლის პირველ ნახევარშიც შენარჩუნდება.