საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომ პირდაპირი შესყიდვების ლიმიტი 5 000-დან 10 000 ლარამდე გაიზარდოს.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი საქართველოს მთავრობამ პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.
მთავრობის განმარტებით, კანონში ცვლილება შემსყიდველი ორგანიზაციების საოპერაციო მოქნილობას გაზრდის, ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს კანონი დაჩქარებული წესით იყოს მიღებული. მთავრობის მონაცემებით, ქვეყანაში ამჟამად 4537 ასეთი ორგანიზაციაა. მათ უმრავლესობას მცირე ზომის საგანმანათლებლო დაწესებულებები, სოციალური და მომსახურების თემატიკაზე ორიენტირებული ორგანიზაციები და საწარმოები შეადგენენ. მთავრობა მიიჩნევს, რომ ამ ტიპის ორგანიზაციებს, ერთი მხრივ, უჭირთ რთული სატენდერო პროცედურების განხორციელება, მეორე მხრივ, ესაჭიროებათ სწრაფი და მყისიერი რეაგირება ბავშვების, ასევე მოსახლეობის სხვა ფენების საჭიროებებზე და, შესაბამისად, სხვადასხვა სახეობის საქონლისა თუ სერვისების შეუფერხებელი შეძენა.
ცვლილებების შემდეგ კი, ორგანიზაციებს, რომლებიც შესყიდვებს ტენდერის გარეშე ახორციელებენ, მიეცემათ შესაძლებლობა „10 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების, ხოლო, სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს (ნაცვლად 5 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი ობიექტებისა), სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელონ“, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.