მიზეზად პურის მოსალოდნელი გაძვირება სახელდება
მეხორბლეებისა და წისქვილკომბინატების პრობლემების მოსაგვარებლად მთავრობამ გადაწყვეტილება ამ დრომდე ვერ მიიღო.
წისქვილკომბინატებს რუსული ფქვილის იმპორტის შეზღუდვა და მუშაობის დაწყება სურთ. ხოლო მარცვლეულის მწარმოებელ ფერმერებს გასული სეზონის მოსავლის რეალიზაციაში სჭირდებათ დახმარება.
ქვეყანაში არსებული ყველა წისქვილკომბინატი ამჟამად გაჩერებულია. მათ პრობლემები რუსეთის მიერ ხორბლის საექსპორტო ბაჟის დაწესებამ შეუქმნა, რადგან გაძვირებული პროდუქციის შემოტანა ვეღარ შეძლეს. სიტუაცია კატასტროფული გახადა რუსულ ფქვილზე საექსპორტო ბაჟი გაუქმებამ, რის შემდეგ, ადგილობრივი ბაზარი თითქმის მთლიანად რუსულმა ფქვილმა დაიკავა. ხორბლისა და ფქვილის ფასებს შორის დიდი სხვაობის გათვალისწინებით, იმპორტიორებმა თანდათან შეამცირეს ხორბლის შემოტანა და ფქვილის იმპორტზე გადაერთნენ.
ხორბლის დაფქვამ აზრი დაკარგა, რადგან რუსული ფქვილი უფრო იაფი ღირს. ადგილობრივი ფერმერები. რომლებმაც მარცვლეული წისქვილებში ვეღარ ჩააბარეს, მოსავლის სრულად რეალიზაციას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
ხორბლის მწარმოებელთა და მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციებში გაერთიანებულმა მეწარმე სუბიექტებმა საქართველოს მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართეს.
მხარეები რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს, თუმცა, როგორც გაირკვა, მთავრობა გადაწყვეტილებას პურის შესაძლო გაძვირების შიშით ვერ იღებს. ყოველ შემთხვევაში, ის ოფიციალურად ამ მიზეზს ასახელებს.
როგორც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განაცხადა, მთავრობას ჯერ კიდევ არ აქვს გეგმა, როგორ მოაგვარებს ფერმერების და წისქვილკომბინატების პრობლემებს.
ორივე ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა და ნიკოლოზ ბენიანიძე ამბობენ, რომ პურის გაძვირების რისკები დღეს არ არსებობს.
„მთავრობამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს პურის გაძვირების საშიშროება. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით. დღეს 1 ტომარა ფქვილის ფასი 45 ლარია, რაც ისტორიული მინიმუმია, რაც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ პურის გაძვირების არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რასაც პურის მწარმოებლებიც ადასტურებენ“, – აღნიშნა ლევან სილაგავამ.
რატომ არ ენდობა მთავრობა პურის მწარმოებლებს, რომლებიც გაძვირებას გამორიცხავენ? მთავრობას რუსეთიდან ფქვილის იმპორტზე გადასახადის შემოღებისგან თავს იკავებს. იქნებ იმის გამო, რომ რუსული ფქვილის იმპორტისთვის ხელის შეშლა არ უნდა?
რუსეთიდან ფქვილის იმპორტი მსუყე ბიზნესად იქცა. გასულ წელს საქართველო რუსული ფქვილის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა იყო. წლის განმავლობაში ქვეყანაში 200 ათას ტონაზე მეტი ღირებულების ფქვილი შემოვიდა.
რა ეშველებათ ფერმერებს, რომლებიც ვერ აბარებენ ხორბალს და ვერ იწყებენ საგაზაფხულო სამუშაოებს, კვლავ უცნობია. შექმნილი პრობლემები საფრთხეს უქმნის ხორბლის ადგილობრივ წარმოებას, რომელიც ისედაც ძალიან მცირეა. როგორც ფერმერები ამბობენ, ხორბლის მოყვანა, რაც უამრავ ხარჯს უკავშირდება, აზრი ეკარგება.