საქართველოს მთავრობა ამნისტიას აცხადებს პირებზე, რომლებმაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები დანაშაულებრივი გზით დაირეგისტრირეს.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„გამოვდივარ ინიციატივით, გამოვაცხადო ამნისტია ასეთ საქმეებზე. ამნისტია გავრცელდება სსკ 180 და 362 მუხლით ჩადენილ დანაშაულებზე. ამნისტიის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი ბრალისაგან, პირობითი მსჯავრისგან და აღუსრულებელი ჯარიმისგან განთავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის 1 სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
180-ე მუხლი ეხება თაღლითობას, ხოლო 362-ე მუხლი ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება და გამოყენებას შეეხება.
ამნისტიის ფარგლებში, ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, პირობითი მსჯავრისაგან, სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმების გადახდისგან თავისუფლდება ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელმაც 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის გამო სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს. ამნისტია გავრცელდება თანააღმსრულებლებზეც, თანამონაწილეებზეც, რომლებმაც იმავე პერიოდში, ანუ 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე, მონაწილეობა მიიღეს დანაშაულის მომზადებაში, ან მცდელობა ჰქონდათ და ეს პირები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
ამნისტია არ ვრცელდება საჯარო მოხელეებზე, ასევე სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო კომერციული იურიდიული პირების თანამშრომლებზე და მათ მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ დანაშაულებზე, აგრეთვე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევებზე.
სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს, მოპოვებულ მიწის ნაკვეთებზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისაგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოსათვის სასარგებლოდ მიტოვების გზით და თუ ეს შესაძლებელი არ არის, უნდა მოხდეს ეკვივალენტური თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.
პროცედურა ასეთია: პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, შემდგომ უკვე მიტოვების მოთხოვნით. შემდეგ უკვე მიტოვების თაობაზე საჯარო რეესტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ან და სახელმწიფოს ხაზინის ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელ დოკუმენტს პირი წარუდგენს პროკურატურის შესაბამის დანაყოფს, ან სასამართლოს და მოითხოვს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებას.
პირი, ვისზეც ამნისტია გავრცელდება, ნასამართლობის არ მქონედ ჩაითვლება. კანონის შესაბამისად, ამნისტია 2025 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა აღსრულდეს.