სოფლის განვითარების სააგენტო “მეფუტკრეთა მხარდაჭერის პროგრამას” იწყებს.
პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეებს დაუფინანსდებათ პროგრამით გათვალისწინებული სკების ღირებულების 50% არაუმეტეს 70 ლარი, არაუმეტეს 5,000 ლარი ერთ ბენეფიციარზე გადაანგარიშებით.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 10 ფუტკრის ოჯახი (არანაკლებ 10 სკა), ხოლო მოთხოვნილი სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის გაკეთების მომენტისთვის პოტენციური ბენეფიციარის საფუტკრე მეურნეობაში რეგისტრირებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობის 150%-ს.
აუცილებელი პირობაა, რომ პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებული იყოს ბიზნესოპერატორად და საფუტკრე დარეგისტრირებული ჰქონდეს ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS).
ცნობისთვის, საქართველოდან თაფლის ექსპორტი შემცირების ტენდენციით ხასიათდება. 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი არ მომხდარა. მარტი-მაისი პერიოდში კი ევროპაში, კერძოდ, ლატვიაში 1 ტონა პროდუქტი გავიდა, $6 ათასის ღირებულების. 2023 წლის პირველ ნახევარში ექსპორტის მოცულობა 29 ტონას შეადგენდა.
სპეციალისტები ექსპორტის შემცირების მიზეზად ქვეყანაში თაფლის დეფიციტს ასახელებენ. წელს ძირითადი საექსპორტო ბაზრები იყო აზერბაიჯანი, აშშ და ერაყი. სულ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ექსპორტზე 16 ტონა თაფლი გავიდა, რაც შარშანდელთან შედარებით 60%-იანი კლებაა.