მეტროსადგური ვარკეთილი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის დროს აღარ დაიკეტება, –ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„სადგურის დაკეტვა არ დაგვჭირდება და რეაბილიტაცია ისე ჩატარდება. სამუშაოს შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და გეგმის მიხედვით, მომდევნო წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს”, –თქვა კალაძემ.
მისივე თქმით, ბაქნის მოპირკეთებისას, გარკვეულ არეალებში იქნება შეზღუდვები, რის შესახებაც ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდიან.
კალაძის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესში განხორციელდება ესკალატორის დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის დემონტაჟი, ბაქნიდან ფილების მოხსნა და ახლის დაგება.
ცნობისთვის მეტრო ვარკეთილში ჭერი 4 წლის წინ ჩამოიშალა, რაც უხარისხო რემონტით იყო გამოწვეული. ჭერის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.
ვარკეთილის მეტროსადგურის რემონტი 2017 წელს განხორციელდა და 347 852 ლარი დაჯდა.