ტემპერატურის მკვეთრი მატება, რაც ბოლო ერთ კვირაში ბევრ ქვეყანაში ფიქსირდება, პრობლემას უქმნის სამოქალაქო ავიაციას, რადგან სიცხე თვითმფრინავების აფრენას ართულებს. ამის შესახებ CNN წერს.
სიმძლავრე, რომელიც თვითმფრინავს ჰაერში უნდა ასწიოს, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰაერის ტემპერატურაა.
„თვითმფრინავები ძალიან მძიმეა და გრავიტაციის დასაძლევად მას დიდი სიმძლავრე სჭირდება. სიმძლავრე დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჰაერის ტემპერატურა. დიდ სიცხეში ჰაერი ფართოვდება, ამიტომ მცირდება მოლეკულების რაოდენობა, რომლებიც თვითმფრინავს ჰაერში აწევაში ეხმარება”, – ამბობს პოლ უილიამსი, ატმოსფერული მეცნიერების ბრიტანელი პროფესორი.
მისივე თქმით, ტემპერატურის ყოველი 3 გრადუსი ცელსიუსით მატება თვითმფრინავების აწევის ძალას 1%-ით ამცირებს. ხოლო ექსტრემალურ პირობებში ეს შეიძლება საერთოდ შეუძლებელი გახდეს.
„თუ თვითმფრინავს სჭირდება 1980-მეტრიანი ასაფრენი ბილიკი 20 გრადუს ცელსიუსზე, 40 გრადუსის დროს მას 2500 მეტრი დასჭირდება”, – აღნიშნავს ბრიტანელი მეცნიერი.
ლონდონის აეროპორტ სითიში, რომელიც დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის ფინანსურ უბანში მდებარეობს, 1500 მეტრზე ნაკლები სიგრძის ასაფრენი ბილიკი აქვს. აღნიშნულ აეროპორტში 2018 წლის ზაფხულში, მაღალი სიცხის დროს, ათზე მეტ რეისზე მგზავრების ნაწილი თვითმფრინავიდან ჩამოსვეს, რათა უსაფრთხოდ აფრენილიყვნენ. ერთ-ერთი ასეთი რეისის დროს აეროპორტში 20-მდე მგზავრი დააბრუნეს.
2017 წელს ათობით ფრენა გაუქმდა ჰარბორის საერთაშორისო აეროპორტში, რადგან ტემპერატურამ 48,8 გრადუს მიაღწია.
კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევრები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის სტანდარტული ზომის თვითმფრინავს, როგორიცაა Boeing 737, ზაფხულის თვეებში წონის 50%-დან 200%-მდე შემცირება მოუწევს აშშ-ის ოთხ მთავარ აეროპორტში.