არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი ამბობს, რომ მას Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა დაურეკა და უთხრა, რომ ის და აშშ-ის მთავრობა ქვეყნის ლითიუმის მარაგით არის დაინტერესებული.
ასევე თქვა, რომ მასკი თავის სატელიტურ ინტერნეტ სერვისს – Starlink-ს ქვეყანაში 2024 წელს გაუშვებს.
„დამირეკა ილონ მასკმა. ის ძალიან დაინტერესებულია ლითიუმით, ისევე როგორც აშშ-ის მთავრობა და ბევრი ამერიკული კომპანია. მაგრამ მათ სჭირდებათ სამართლებრივი ჩარჩო, რათა გარანტირებული იყოს საკუთრების უფლებების დაცვა“, – თქვა მილეიმ.
ლითიუმი აუცილებელი ნედლეულია ელექტრომობილების ბატარეებისთვის. ლითიუმი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან მსოფლიოში ენერგიის მდგრადი სახეობების მიმართ ინტერესი თანდათან იზრდება.
არგენტინა და მისი მეზობლები, ჩილე და ბოლივია, ლითიუმის მსოფლიო მარაგის 56%-ს ფლობენ. არგენტინა ლიდერობს ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ლითიუმის დადასტურებული მარაგით. ის ფლობს გლობალური რეზერვების 21%-ს.
თუმცა, ბაზარზე ლითიუმის გაყიდვებით პირველ ადგილზეა ჩილე (მსოფლიო გაყიდვების 6%).
ლათინური ამერიკის სიდიდით მესამე არგენტინის ეკონომიკა განიცდის ინფლაციას, რომელიც 160%-ს აღემატება. არგენტინელების 40% სიღარიბეში ცხოვრობს.
მილეი პრეზიდენტად ნოემბერში აირჩიეს. ის ხალხს დაჰპირდა ინფლაციის შემცირებას, მაგრამ გააფრთხილა, რომ ეკონომიკის „შოკური თერაპია” მკურნალობის ერთადერთი გამოსავალია.
მილეიმ გააუქმა ან შეცვალა 300-ზე მეტი რეგულაცია.