ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის – ნათია თურნავას თქმით. „ლარში სესხები სავარაუდოდ, ყველა თანაბარ პირობებში თანდათან გაიაფდება“.
თურნავამ ბიზნესპარტნიორთან სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ დოლარსა და ევროზე საპროცენტო განაკვეთი, გარკვეული პერიოდი მაღალი დარჩება, რასაც საკმაოდ მკაცრი გარე ფინანსური პირობები განაპირობებს.
საფინანსო ბაზრებზე დოლარის და ევროს რესურსის სიძვირეს აშშ-ის ფედერალური რეზერვისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მაღალი საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნება იწვევს.
მისივე თქმით, საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესაბამისად, გაიზრდება მოთხოვნა ლარის სესხზე და ადამიანები, დოლარსა და ლარს შორის, ლარის სესხს აირჩევენ.
ამავე დროს, ის ფინანსური სტაბილურობის რისკების შემცირებაზე მიუთითებს, რასაც დაბალი ინფლაცია და ეკონომიკის მაღალი ზრდა განაპირობებს.
თურნავა ამბობს, რომ საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი თანდათან შემცირდება 9.5%-დან 7%-მდე, რაც განაპირობებს ლარში სესხების გაიაფებას და შესაბამისად, საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობის ზრდას.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, დაკრედიტების წლიურმა მაჩვენებელმა, დეკემბრის მდგომარეობით, 16.26% შეადგინა, რაც წინა თვეებთან შედარებით გაზრდილია.
სებ-ის მონაცემებით, 1-ელი დეკემბრისთვის ბანკების მთლიანი პორტფელი 51 მლრდ ლარს აღემატება, რაც ძირითადად უცხოურ ვალუტაში გაზრდილი დაკრედიტების ხარჯზე მოხდა.