დღეიდან, 1 ივლისიდან, ძველი ლამინირებული, პირადობის მოწმობები უქმდება. აღნიშნული ცვლილება შეეხება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ ყველა ლამინირებული პირადობის მოწმობას.
ძველი დოკუმენტის შეცვლა 15 მარტის შემდეგ უფასოდ ხდებოდა იუსტიციის სახლებში და აღნიშნული პროცედურა კვლავინდებურად იქნება შესაძლებელი. პირადობის მოწმობის შესაცვლელად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს და სერვისცენტრებს უნდა მიმართონ.
ქვეყანაში მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა მხოლოდ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით ან პასპორტით იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, მოქმედი პირადობის მოწმობა აუცილებელია საბანკო და სახელმწიფო სერვისების მისაღებად.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ძველი პირადობის მოწმობის შესაცვლელად, 2023 წლის 15 დეკემბრიდან 2024 წლის 10 ივნისის ჩათვლით, მათ 100 464-მა ადამიანმა მიმართა. 2023 წლის ნოემბრის მონაცემებით კი, ლამინირებული პირადობის მოწმობა სულ 230 ათას მოქალაქეს ჰქონდა.