კრიპტომაინინგმა ქვეყანაში კვლავ ზრდა დაიწყო, რასაც ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი ადასტურებს.
2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 2.6%-ით გაიზარდა.
მატება საცალო (+4.9% წ/წ) და პირდაპირი მომხმარებლების (+4.9% წ/წ) გაზრდილი მოთხოვნის შედეგი იყო. აფხაზეთის რეგიონის მოხმარება კი წლიურად 5.6%-ით შემცირდა, რაც ასევე კრიპტომაინინგს უკავშირდება. აფხაზეთში ამ მიზნით ელექტროენერგიის დატაცების წინააღმდეგ კონტროლი გამკაცრდა და ასევე შედარებით მოწესრიგდა საცალო მომხმარებლების მიერ მოხმარების აღრიცხვიანობა, რამაც მოხმარების შემცირება განაპირობა.
Galt&Taggart-ის შეფასებით, პირდაპირი მოხმარების მატება კრიპტო-მაინინგ და მეტალურგიის სექტორების გამოცოცხლებით აიხსნება.
კრიპტო-მაინინგის ხელახლა გააქტიურება კრიპტო აქტივების ფასის გობალურმა ზრდამ განაპირობა.
2023 წელს კრიპტო-მაინინგი საქართველოში შემცირდა, რამაც ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება მოჰყვა.
რაც შეეხება მეტალურგიული წარმოების ზრდას, მას ასევე იწვევს მსოფლიო ბაზარზე ფეროშენადნობების გაძვირება. ამასთან, მეტალურგიული კომპანიების განცხადებით, ფასები ჯერ საკმარისად გაზრდილი არ არის, რომ საწარმოებმა სრული დატვირთვით იმუშაონ. შესაბამისად, მოხმარების ზრდის პოტენციალი კვლავ მაღალია, რაც მეტალის ფასების ზრდის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.