„კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
ბრიფინგი სებ-ში გუშინ მიღებულ ცვლილებასთან დაკავშირებით გაიმართა. სებ-ის მიერ განხორციელებული ცვლილება სანქცირებული პირის მიმართ გამონაკლისის სახით საბანკო ანგარიშებზე წვდომის დაშვებას ეხება.
„კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს, რადგანაც ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობით. მინდა განვმარტო, რომ ჩვენც ცალსახად ვასრულებთ და ვაგრძელებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. არის ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები, რომლებიც არ არის საერთაშორისო სანქციების ნაწილი. ასე რომ, სრულ უნისონში ვართ საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან, ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საერთაშორისო სანქციებს”, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, სებ-ის ბრძანება კონკრეტული პირის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ უკავშირდება.
„არ შეიძლება ნებისმიერი პირი იზოლირებული იყოს საბანკო სისტემისგან, ვიდრე მისი გამამტყუნებელი განაჩენი არაკონსტიტუციურია. ჩვენი სექტორი არის მდგრადი, ბანკებთან მუდმივ კონსულტაციებს ვატარებთ და სისტემის მდგრადობას არაფერი ემუქრება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და საბჭოს წევრმა პაპუნა ლეჟავამ.