ინდივიდუალური მეწარმის სარეალიზაციო ობიექტიდან (სიღნაღი, ქ. წნორი, თავისუფლების ქ. 13) ამოღებული ნახევარფაბრიკატის – კატლეტის ნიმუშებში (მწარმოებელი ი/მ, ქ. წნორი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N31) სალმონელა აღმოჩნდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორების მიერ აღებულ ნიმუშებს სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩაუტარდა კვლევა. აღებული 5 ნიმუშიდან 2 ნიმუშში აღმოჩენდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა (SALMONELLA).
სეს-ის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის დასრულებისთანავე ნახევარფაბრიკატების მწარმოებელ ბიზნესოპერატორთან განხორციელდა არაგეგმური ინსპექტირება, რის შედეგადაც მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ასევე დაევალა გაყინული ნახევარფაბრიკატის – კატლეტის რეალიზაციიდან ამოღება, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.
სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა.
დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის. სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა.