იტალიის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ იტალიამ შეძლო ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროების მოძიება და თავს დააღწევს რუსულ გაზზე დამოკიდებულებას.
ამის შესახებ იტალიის გარემოსა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მინისტრმა გილბერტო პიცეტო ფრატინმა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ადრე ჩვენი მოთხოვნილების 40%-ს რუსეთი აკმაყოფილებდა, დღეს მხოლოდ 10%-ზე ცოტა მეტს ვიღებთ. ამრიგად, ჩვენ დავძლიეთ ჩვენი დამოკიდებულება მოსკოვზე“, –განაცხადა მინისტრმა.
იტალიამ რუსული აირის ჩასანაცვლებლად იმპორტი გაზარდა აღმოსავლეთიდან ტრანსადრიატიკული გაზსადენის საშუალებით. ასევე, დამატებით მოცულობას იღებს ალჟირთან და ლიბიასთან გაფორმებული შეთანხმებების მეშვეობით.
მინისტრის თქმით, განახლებადი ენერგიის წყაროებითა და ატომური ელექტროსადგურების მეშვეობით ქვეყანა სრულად იქნება უზრუნველყოფილი.
იტალიის მრეწველობის მინისტრმა ადოლფო ურსომ განაცხადა, რომ ქვეყნის რუსულ გაზზე დამოკიდებულება წლის ბოლომდე შეწყდება.