ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეებისგან შემაშფოთებელი ინფორმაცია მოისმინა, რომელიც გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებს ეხებოდა.
„მე მოსამართლეებისგან ბევრი რამის შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაციაც მოვისმინე. ეს გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებს ეხებოდა. გიდასტურებთ, რომ ინფორმაცია მივიღე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, დახურული შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, „მაგრამ მოვა დრო და საზოგადოება ყველაფერს გაიგებს“.
„მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა. მიუღებელია და არ შეიძლება დავუშვათ სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოში ჩარევა, იქნება ეს შიდა, მთავრობის მხრიდან, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში. ჩვენ ბოლო 10 წელში, რეფორმების შედეგად აბსოლუტურად, როგორც იტყვიან, დღესავით ნათელი გახდა ის ახალი რეალობა, რაც შეიქმნა – როგორც დღე და ღამე განსხვავდება, ასეთი სასამართლო ჩავიბარეთ 2012 წელს”, – თქვა ღარიბაშვილმა.
მისივე მტკიცებით, საქართველოს სასამართლო, ოთხი ტალღის რეფორმით, ერთ-ერთი სამაგალითოა მთელ ევროკავშირში.
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან პირველი შეფასება გააკეთა აშშ-ს მიერ საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის და მათი ოჯახის წევრების დასანქცირების თემაზე.