საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე კომპანია Koç Holding-ის აღმასრულებელ თავმჯდომარეს – ლევენთ ჩაკიროღლუს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე, ახალ პროექტებსა და სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. აღინიშნა, რომ ინვესტორებისთვის საქართველო არაერთი მიმართულებით არის ხელსაყრელი, მათ შორის IT სექტორში ქვეყანას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი საგადასახადო პირობები და დინამიკურად ვითარდება.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. პრემიერ-მინისტრმა ამ მიმართულებით ქვეყნის დიდ პოტენციალს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მთავრობის პოლიტიკის შედეგად ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი პირდაპირი შემოსავალი ტურიზმიდან.
მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
Koç Holding თურქული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს 500 კომპანიას შორისაა. ის თურქეთის ბაზრის გლობალური მოთამაშეა.
მას აქვს წამყვანი პოზიციები კონკურენტუნარიანი უპირატესობებით ენერგეტიკაში; საავტომობილო, ფინანსურ სექტორებში. კომპანიას საწარმოო ობიექტები აქვს 60-ზე მეტ ქვეყანაში, ექსპორტს ახორციელებს 150-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, უნგრეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ეგვიპტეში, საფრანგეთში, იტალიაში, რუმინეთში, ავსტრალიაში, ჩინეთში და ა.შ.
კომპანიაში დასაქმებულია 105,000 ადამიანი და მისი შემოსავალი $34,97 მილიარდს შეადგენს.
საქართველოში Koç Group რამდენიმე სასტუმროს ფლობს.