კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, გასულ წელს, საქართველოში ოპტიკური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ სულ 952 ათასი შეადგინა, საიდანაც „მაგთიკომის“ წილი ნახევარზე მეტი – 53% იყო.
„სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელი 32%-ს, „ახალი ქსელების ჯგუფისთვის“ – 7%-ს, „სქაიტელისთვის“ – 2%-ს, ხოლო სხვა კომპანიებისთვის ჯამში 6%-ს შეადგენდა.
კომისიის თანახმად, „მაგთიკომი“ ოპტიკური ინტერნეტით საქართველოში ყველაზე მეტ – 602 დასახლებას ფარავს, „სილქნეტი“ მხოლოდ – 71-ს, „სქაიტელი“ – 212-ს („სქაიტელი“ ძირითადად მცირე დასახლებებში ოპერირებს), „ახალი ქსელების ჯგუფი“ კი მხოლოდ 14 დასახლებაშია წარმოდგენილი.
გარდა ამისა, ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ „მაგთიკომი“ 392 დასახლებაში ოპტიკური ინტერნეტის ერთადერთი მიმწოდებელია, მაშინ, როდესაც „სქაიტელი“ 104 დასახლების, ხოლო „სილქნეტი“ – მხოლოდ 2 დასახლების ერთადერთი მიმწოდებლები არიან. კომისიის თქმით, აღნიშული მაჩვენებლები, ევროკავშირის ექსპერტების დასკვნით, „მაგთიკომის“ მნიშვნელოვან უპირატესობას უსვამს ხაზს.
რა შემოსავალს იღებენ ინტერნეტ პროვაიდერებს?
კომისიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ გასულ წელს ფიქსირებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ მომსახურების ფიზიკური პირი აბონენტებისგან „მაგთიკომმა“ ყველაზე მაღალი შემოსავალი – 146 მილიონი მიიღო, რაც „სილქნეტის“ შემოსავალს 76%-ით, „ახალი ქსელების ჯგუფის“ შემოსავალს 1055%-ით, ხოლო „სქაიტელის“ შემოსავალს 3992%-ით აღემატებოდა.
„მაგთიკომი“ ბაზრის ლიდერია ფიქსირებულ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტ მომსახურებებზე ერთი აბონენტისგან მიღებული საშუალო შემოსავლით (ARPU). 2023 წელს კომპანია ერთი აბონენტისგან საშუალოდ 24.54 ლარს იღებდა. „სილქნეტისთვის“ იგივე მაჩვენებელი – 23.05 ლარს, „სქაიტელისთვის“ – 20.13-ს, ხოლო „ახალი ქსელების ჯგუფისთვის“ – 17.37 ლარს წარმოადგენდა.
კომპლექსური კვლევის ექსპერტების დასკვნის მიხედვით, საყურადღებოა ისიც, რომ ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან 544-ში, სადაც საქართველოს პოპულაციის 60% ცხოვრობს, „მაგთიკომის“ საბაზრო წილი 40%-ს აღემატება.
„სილქნეტის“ ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 31 დასახლებას მოიცავს, სადაც მთლიანი პოპულაციის 15% ცხოვრობს.
კვლევის თანახმად, „მაგთიკომს“ ეროვნული მასშტაბის ფიქსირებული ქსელი აქვს და 2022 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალი – 88.6%-იანი დაფარვა ჰქონდა. „სილქნეტის“ ქსელის დაფარვის მაჩვენებელი 57.2%-ს, „ახალი ქსელების“ – 4.9%-ს, ხოლო „სქაიტელის“ – 3.5%-ს შეადგენდა.
გარდა ამისა, „მაგთიკომს“ კომბინირებული მომსახურებების თვალსაზრისით, რაც ტელევიზიის, ფიქსირებული ტელეფონისა და მობილური მომსახურებების ინტერნეტთან კომბინაციას გულისხმობს, ყველაზე მაღალი – 53.5%-იანი ბაზრის წილი უკავია, მაშინ, როდესაც „სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელი 38.3%-ს, „ახალი ქსელების ჯგუფისთვის“ – 8%-ს, ხოლო „სქაიტელისთვის“ – 0.2%-ს წარმოადგენს.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით კომუნიკაციების კომისია მიიჩნევს, რომ „მაგთიკომს” დომინანტურ პოზიცია უკავია, რაც ბაზარზე კონკურენციას ზღუდავს და მომხმარებლებს აზარალებს, ამიტომ მისი რეგულირება უნდა მოხდეს.