ინდოეთის პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი, არჩევნებში მესამე ვადის გამარჯვების შემდეგ რუსეთში ჩავიდა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
მოდის ორდღიანი ვიზიტი რუსეთში დელისა და მოსკოვს შორის მყარ კავშირებზე მიუთითებს. ამასთანავე, მოდიმ აჩვენა, რომ ინდოეთი საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებს და არ ეშინია საკუთარი პოლიტიკის გატარების.
60 მილიარდიანი პარტნიორი
ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში. ინდოეთი რუსული ნავთობის მთავარი შემსყიდველი გახდა. რუსეთი ასევე არის ინდოეთისთვის იარაღის უდიდესი მიმწოდებელი. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებით, ბოლო ოცი წელის განმავლობაში ინდოეთმა შესყიდული იარაღის 65% მოსკოვიდან მიიღო, საერთო ჯამში $60 მილიარდზე მეტი ღირებულების.
ვიზიტის წინ ინდოეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ვინაი კვატრამ თქვა, რომ ორმხრივ ურთიერთობაში რამდენიმე საკითხი „დაგროვდა, რომლებიც გადასაწყვეტია“.
სავაჭრო დეფიციტის შემცირება
ინდოეთის პრემიერის მოსკოვში ვიზიტის დღის წესრიგის მთავარი პუნქტი არის უზარმაზარი სავაჭრო დისბალანსის შემცირება.
Bloomberg-ის ცნობით, ინდოეთი რუსეთიდან წელიწადში დაახლოებით $60 მილიარდის საქონელს ყიდულობს, მაგრამ რუსეთის იმპორტი ინდოეთიდან ამ თანხის 10%-ზე ნაკლებს შეადგენს.
რუსეთს ასევე სურს გააფართოოს ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი (INSTC), საავტომობილო, საზღვაო და სარკინიგზო პროექტი, რომელიც რუსეთს ინდოეთთან ირანის გავლით აკავშირებს. რუსეთმა ქვანახშირის პირველი ტვირთი ინდოეთში INSTC-ის მეშვეობით გასულ თვეში გაგზავნა.
კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ორივე მხარისთვის აქტუალურია, არის ჩენაი-ვლადივოსტოკის საზღვაო დერეფანი. 10,300 კილომეტრის სიგრძის საზღვაო მარშრუტი, რუსეთის ყველაზე აღმოსავლეთ რეგიონიდან უზრუნველყოფს რუსული ენერგიისა და სხვა ნედლეულის ნაკადების მიწოდებას ინდოეთში.
დერეფანი სავარაუდოდ შეამცირებს გადაზიდვის დროს 40-დან 24 დღემდე, სუეცის არხის გავლით არსებულ მარშრუტთან შედარებით.
აშშ-ის შეშფოთება
მიუხედავად იმისა, რომ ნიუ დელი “დიალოგისა და დიპლომატიის” მოუწოდებით გამოდის უკრაინაში ომის დასასრულებლად, შვეიცარიაში გამართულ უკრაინის სამშვიდობო სამიტზე ინდოეთის წარმომადგენელმა ხელი არ მოაწერა ერთობლივ კომუნიკეს, რომელიც გულისხმობდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებაში.
ინდოეთის ლიდერი, როგორც ჩანს, მოსკოვში იმისთვის არ ჩადის, რომ პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდოს, არამედ ის აგრძელებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაბალანსების პოლიტიკას, რომელიც მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი ხაზია.
მოდის რუსეთში ვიზიტი ცხადია, არ მოეწონება შეერთებულ შტატებს, რადგან ეს ხდება მაშინ, როდესაც ვაშინგტონი პუტინის რეჟიმის იზოლაციაში მოქცევას ცდილობს.
შეერთებულმა შტატებმა მართლაც გამოთქვა “გარკვეული შეშფოთება” ინდოეთის რუსეთთან ურთიერთობების გამო. თუმცა, ვაშინგტონი აღიარებს, რომ ინდოეთის კავშირები რუსეთთან განსხვავდება მისი კავშირებისგან აშშ-თან.
ჩინეთის ფაქტორი
პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ ინდოეთი ცდილობს დააბალანსოს თავისი ურთიერთობები მსოფლიოს მთავარ ძალაუფლებასთან – აშშ-თან, რუსეთთან და ჩინეთთან.
ინდოეთს სურს გამოიყენოს თავისი ისტორიული კავშირები რუსეთთან, რათა გააძლიეროს ეკონომიკა და უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება და პარალელურად დააბალანსოს მოსკოვის ჩინეთთან დაახლოება.
ინდოეთ-ჩინეთის ურთიერთობები 2020 წლის სასაზღვრო კონფლიქტის შემდეგ გაყინულია და ორივე მხარე მისი დარეგულირების სურვილს გამოთქვამს.
მოდის ახლა პუტინთან დაახლოება სჭირდება, რათა დაუპირისპირდეს რეგიონში ჩინეთის წინსვლას.