კომპანია Neuralink-მა პირველად ჩანერგა ადამიანის ტვინში იმპლანტი, რომელიც აზრებით კომპიუტერის კურსორის ან კლავიატურის კონტროლის საშუალებას იძლევა. ამის შესახებ მასკმა X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„28 იანვარს პირველმა ადამიანმა ჩაინერგა იმპლანტი. ის ჯანმრთელად არის. პირველადი შედეგები გვიჩვენებს ნერვული მწვერვალების პერსპექტიულ აღმოჩენას“, – დაწერა მასკმა სოციალურ მედიაში.
Neuralink-ის პროდუქტს „ტელეპათია” ჰქვია. მასკის თქმით, ის საშუალებას მისცემს ადამიანს, „მხოლოდ ფიქრით” გააკონტროლოს ტელეფონი ან კომპიუტერი და ასევე „თითქმის ნებისმიერი მოწყობილობა”.
მისივე განმარტებით, ჩიპის მომხმარებლები იქნებიან ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს კიდურები. მასკს პროექტის სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
იმპლანტი რობოტის მეშვეობით ქირურგიულად თსვსდება თავის ტვინის იმ უბანში, რომელიც მოძრაობას აკონტროლებს.
ილონ მასკმა Neuralink პროექტი 2016 წელს, კომპანიამ კი ჩიპის პროტოტიპი 2019 წელს შექმნა. ორი წლის შემდეგ კომპანიამ იმპლანტი მაიმუნს ჩაუნერგა. მას შეეძლო ეთამაშა ვიდეოთამაში თავისი აზრების მეშვეობით.
მასკი ამტკიცებდა, რომ ტესტირების დროს არც ერთი მაიმუნი არ მომკვდარა.
2023 წლის მაისში აშშ-ის ხელისუფლებამ Neuralink-ს იმპლანტის ადამიანებზე გამოცდის უფლება მისცა.
Neuralink იმედოვნებს, რომ იმპლანტი საშუალებას მისცემს ადამიანებს, დაძლიონ ტვინის და ზურგის ტვინის დაზიანების შედეგები და ასევე დაეხმარება ისეთი პრობლემების მოგვარებაში, როგორიცაა სიმსუქნე და დეპრესია.