2024 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $281.1 მლნ (794.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 20.9%-ით ($74.3 მლნ-ით) ნაკლებია 2023 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
რუსეთიდან გადმორიცხვები კვლავ შემცირდა, შარშანდელ ივნისთან შედარებით კლება 62,3%-ს შეადგენს. რუსეთიდან $48.84 მილიონის ფულადი გზავნილი განხორციელდა, რაც მხოლოდ $1,09 მილიონით აღემატება აშშ-დან განხორციელებულ გზავნილებს, რომელიც $47.75 მილიონს აღწევს. ასევე გაზრდილია გადმორიცხვები ევროკავშირის ქვეყნებიდან.
ფულადი ნაკადების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ყაზახეთიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.5% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივნისში თითოეულზე $1 მლნ-ს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 96.6% მოდიოდა.