სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $338.6 მლნ. შეადგინა, რაც 26,2%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.7%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 38.9%-ით შემცირდა და 158.2 მლნ-ს გაუტოლდა.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 76.7% შეადგინა.
უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია:
- რუსეთი -$33.7 მლნ;
- თურქეთი – $26.3 მლნ;
- ჩინეთი -$17.9 მლნ.
ადგილობრივი ექსპორტის კლება უმეტესად განაპირობა ფეროშენადნობების, აზოტოვანი სასუქების, სპირტიანი სასმელების ექსპორტის შემცირებამ. ასევე შემცირებულია თხილისა და დაუმუშავებული ან ნახევრად დამუშავებული ოქროს ექსპორტიც.
2024 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობებია-$19.4 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.3%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები $18.0 მლნ-ით(მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.3%), ხოლო მესამე ადგილს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებს $14.1 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.9%).