2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი 206.2%-ით გაიზარდა და $73.148 მლნ შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელი $23.892 მილიონი იყო.
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ამ პროდუქციის ექსპორტმა $9.440 მლნ შეადგინა და მთლიანად ჩინეთში გავიდა. 2021 წელსაც მადნების 100%, $19.067.41 მლნ-ს ღირებულების ჩინეთში გაიყიდა.
2022 წელს, ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები ჩინეთთან ერთად ბულგარეთშიც გავიდა, თუმცა ლომის წილი ისევ ჩინეთზე მოდიოდა.
კერძოდ, 2022-ში ექსპორტმა $32.968 მლნ-ს მიაღწია და აქედან $30.114 მლნ ჩინეთში გავიდა, მხოლოდ $2.854 მლნ ბულგარეთში.
2023 წელს ჩინეთში $22.327 მლნ-ს ღირებულების ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები გავიდა, ბელგიაში კი მხოლოდ $1.565 მლნ.
რაც შეეხება მიმდინარე, 2024 წლის ხუთ თვეს, საქართველოდან ექსპორტზე $73.148 მლნ-ს ღირებულების ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების ექსპორტი განხორციელდა, აქედან 99.2% ჩინეთში, ანუ $72.553 მლნ-ს, დანარჩენი $594.6 ათასის კი შვეიცარიაში გაიყიდა.