თურქეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები რეკორდულად გაიზარდა და $145,5 მილიარდი შეადგინა. ეს $47-მილიარდიანი ზრდაა მაისის შემდეგ, რაც მიუთითებს მძლავრ ეკონომიკურ აქტივობაზე.
სწორედ მაისში დაიწყო თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა ეკონომიკური გამოწვევების გადასაჭრელად, ივნისში კი – მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, მაღალი ინფლაციის შესაჩერებლად.
რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად 8.5%-დან 42.5%-მდე გაიზარდა.
თურქეთი განიცდის ინფლაციის მნიშვნელოვან ზრდას, რომელმაც ნოემბერში 62%-ს მიაღწია, რამაც ეკონომიკური არასტაბილურობის განცდა გააჩინა.
2023 წლის დასაწყისიდან თურქული ლირა ყოველთვიურად უფასურდება.
ლირა დოლართან მიმართებაში 20,8 ლირადან 27 ლირამდე დაეცა.
ივლისში თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ჰაფიზე გაიე ერკანმა ოპტიმიზმი გამოთქვა თურქეთის ეკონომიკის სტაბილიზაციასთან დაკავშირებით და ამ მიზნის მიღწევის თარიღად 2025 წელი დაასახელა.