თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი ერთბაშად 6,5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.
შვიდდღიანი რეპო ოპერაციების განაკვეთი 8.5%-დან 15%-მდე გაიზარდა, ნათქვამია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.
ეს განაკვეთის პირველი ზრდაა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ყველაზე მაღალია 2011 წლის ნოემბრის შემდეგ.
ექსპერტები კიდევ უფრო დიდ ზრდას ვარაუდობდნენ – 40%-მდე. ამჯერად მათი პროგნოზით, განაკვეთი უახლოეს მომავალში 21%-მდე აიწევს.
ცენტრალური ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მარეგულირებელმა „გადაწყვიტა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რათა რაც შეიძლება მალე შემცირდეს ინფლაცია“.
ამასთან, აღნიშნულია, რომ განაკვეთის მატება ეტაპობრივად მოხდება.
თურქეთის ცენტრალური ბანკის ახალ ხელმძღვანელად მიმდინარე წლის ივნისში დაინიშნა ჰაფიზ გაიე ერკანი, რომელიც მანამდე ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა Goldman Sachs Group Inc.-ში, ასევე First Republic Bank-ში. ერკანი გახდა პირველი ქალი, რომელიც თურქეთის ცენტრალურ ბანკს უხელმძღვანელებს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თურქეთის პრეზიდენტის – რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მიერ ერკანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად დანიშვნა მიანიშნებს, რომ ის უარს ამბობს ადრინდელ მონეტარულ პოლიტიკაზე, რამაც ინფლაციის მკვეთრი ზრდა და ლირას რეკორდული გაუფასურება გამოიწვია.
მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ დოლარის ფასი 18,73 თურქული ლირა იყო. 1-ელ მაისს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე ის 19,6 ლირამდე გაიზარდა და მის შემდეგ კურსის ვარდნა კიდევ უფრო დაჩქარდა.