უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდა გრძელდება. გაყიდვების კლების და რუსეთიდან მიგრაციის ტალღის შესუსტების მიუხედავად, საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონება მაინც ძვირდება.
გაყიდული ბინების რაოდენობა
Galt&Taggart-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2023 წელს თბილისში 39,949 ბინა გაიყიდა, რაც 7.0%-იანი წლიური კლებაა და ეს კლება 2022 წლის რეკორდულად მაღალ ბაზას უკავშირდება.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბინების გაყიდვები მაინც 7.7%-ით აჭარბებს 2021 წლის მაჩვენებელს. ამასთან, 2023 წელს კლება მთლიანად განპირობებული იყო მეორადი ბაზრის 13.5%-იანი წლიური შემცირებით, რადგან პირველად ბაზარზე გაყიდვების პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდა და წლიური 1.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
მეორად ბაზარზე მოთხოვნის შემცირება, ძირითადად, მიგრანტების ეფექტის შესუსტებასა და ქირის
დასტაბილურებას ასახავს, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს 2022 წელს მეორად ბაზარზე გაზრდილ ტრანზაქციებში.
ამავდროულად, 2023 წელს თბილისში გაიზარდა მშენებარე პროექტების რიცხვი, რამაც, მდგრადი მოთხოვნის პირობებში, პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ზრდის ტენდენცია განაპირობა.
ბინები ყველაზე მეტად მშენებარე პროექტებში ძვირდება
2023 წელს თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასმა ყველაზე მეტად პირველად ბაზარზე მოიმატა.
ყველაზე მაღალი ფასი საცხოვრებელ უძრავ ქონებას პირველად ბაზარზე აქვს. მისი ფასი 2022 წლის შემდეგ მკვეთრად იზრდება და გასული წლის დეკემბერში კვ. მეტრის ფასმა $1,259-ს მიაღწია.
უძრავი ქონების მეორად ბაზარზე – ახალ პროექტებში კვ.მეტრის ღირებულებას 2023 წლის განმავლობაში მერყეობა ახასიათებდა და დეკემბერში $1,175-ს მიაღწია.
მზარდია მეორად ბაზარზე ძველი ბინების ფასები. თუმცა, ზრდის ტემბი ბევრად ჩამორჩება ახალ პროექტებს. ძველ პროექტებში კვ. მეტრის ფასი დეკემბრის ბოლოს $932-ს შეადგენდა.