ყინულის მოედანი თბილისში, დიდ დიღომში აშენდება.
მთავრობამ მშენებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერის თანახმად, სტადიონის მშენებლობისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სტადიონი 60/30 მეტრზე ორ მოედანს გააერთიანებს. ძირითადი მოედანი 1500 მაყურებელს, ხოლო მეორე მოედანი 150-200 მაყურებელს დაიტევს.
ყინულის მოედანი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 16,112 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენდება.
ახალი ყინულის მოედანი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზად უნდა იყოს, რომელსაც საქართველო 2025 წელს უმასპინძლებს.
ყინულის მოედანზე ჰოკეის, ფიგურული ციგურაობის, კერლინგისა და შორტ-ტრეკის შეჯიბრებები უნდა გაიმართოს.
სატენდერო წინადადებების მიღება 23 ივლისს დაიწყება.