თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს – ალექსანდრე მესხი, კლინიკის თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.
მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ახალი ხელმძღვანელი კლინიკის წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალმა დირექტორმა ჯანდაცვის მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ სამედიცინო დაწესებულების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, კლინიკის გუნდთან ერთად, აქტიურად იმუშავებს.
„უახლოეს დღეებში დაისახება გეგმა, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. დავალება არის, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში რესპუბლიკური საავადმყოფო გამოვიყვანოთ კრიზისიდან. დარწმუნებული ვარ, ის კოლექტივი, რომელიც აქ დაგვხვდა, მხარში დაგვიდგება და შევძლებთ რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარებას, გაძლიერებას და წინ წაწევას,“ – თქვა საავადმყოფოს ახალმა დირექტორმა.
ალექსანდრე მესხს ეკონომიკური განათლება აქვს. ის წლების განმავლობაში საჯარო სექტორში მუშაობდა.