დედაქალაქის მერია სექტემბრიდან თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სახსრების ენდოპროთეზირების ოპერაციის დაფინანსებას დაიწყებს.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ხელოვნური ანალოგით შეცვლისთვის, ერთი მოქალაქისთვის დაფინანსება 6 000 ლარით განისაზღვრება.
პროგრამით მოსარგებლე პირს შესაძლებლობა ექნება, სამედიცინო დაწესებულება თავად აირჩიოს.
„ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს მათთვის, ვინც საჭიროებს ენდოპროთეზირებას, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება. სექტემბრიდან დავიწყებთ დედაქალაქში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამას, რაც მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ხელოვნური ანალოგით შეცვლის ოპერაციის დაფინანსებას გულისხმობს. პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იქნება“, – განაცხადა კალაძემ.
დაფინანსება ვაუჩერული სისტემით განხორციელდება, რაც მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულების თავისუფალი არჩევის შესაძლებლობას მისცემს.