ინდოეთი მსოფლიო ლიდერობისკენ მიდის
კოსმოსური პროგრამებით, მაღალტექნოლოგიური ქარხნებითა და უმსხვილესი კორპორაციების მიზიდვით ინდოეთი ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად ყალიბდება.
Morgan Stanley-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, 2027 წლისთვის ინდოეთი იაპონიასა და გერმანიას გაუსწრებს და მსოფლიოში სიდიდით მესამე ეკონომიკა გახდება.
ამაში მას გარე ფაქტორებიც ეხმარება. აშშ-თან კონფლიქტის გამო ჩინეთი თანდათან კარგავს მიმზიდველობას და ფული მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის ინდოეთში მიედინება.
დასავლეთი რეცესიის ზღვარზეა, ჩინეთს დიდი ვალები აქვს და რუსეთი სანქცირებულია, ინდოეთის ეკონომიკა კი კარგად მუშაობს. ბოლო 20 წლის განმავლობაში ის საშუალოდ 5-8%-ით იზრდება და როგორც ჩანს, გლობალურმა რყევებმა ეს ტენდენცია არ შეცვალა.
წელს მეორე კვარტალში ინდოეთის მშპ 7,8%-ით გაიზარდა. იმის მიუხედავად, რომ გლობალური ვაჭრობის შემცირება ინდოეთის ექსპორტზეც მოქმედებს, მისი ნეგატიური გავლენა შიდა მოთხოვნის ზრდამ და სახელმწიფო ხარჯებმა დააკომპენსირა.
ინდოეთის PMI, რომელიც ბიზნესაქტივობისა და ეკონომიკური ზრდის ძირითად ინდიკატორს წარმოადგენს, ამჟამად ყველაზე მაღალია. ის 60,1-ის დონეზეა, რაც ათი ქულით აღემატება ჩინეთის, ბრაზილიისაა და აშშ-ის მაჩვენებელს.
საუკეთესო ადგილი ინვესტიციებისთვის
ძირითადი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები 2023 წელს ინდოეთის მშპ-ის 6%-ზე მეტ ზრდას ელიან. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია G20-ის ქვეყნებს შორის. ასეთი ზრდა ინვესტორების ყურადღებას იპყრობს.
ივნისში ინდურმა ავიაკომპანია Air India-მ 470 თვითმფრინავის შესაძენად Boeing-თან და Airbus-თან ჯამში $70-მილიარდიანი კონტრაქტები გააფორმა. ეს ყველაზე დიდი შეთანხმებებია სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში. 2014 წლიდან ქვეყანაში აეროპორტების რაოდენობა გაორმაგდა, მომდევნო ხუთ წელიწადში კი კიდევ 60%-ით, 220 აეროპორტამდე გაიზრდება.
დასავლური კორპორაციები მზად არიან, ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ქარხნები გახსნან და მომავალი ათწლეულის განმავლობაში მრავალმილიარდიანი ინვესტიციებიც დაგეგმეს.
ეს განპირობებულია არა მხოლოდ ინდოეთის ბაზრისა და იაფი მუშახელის პერსპექტივით, არამედ გეოპოლიტიკითაც.
ფაქტია, რომ ამერიკული და ევროპული კომპანიებისთვის ჩინეთში ბიზნესის წარმოება რთული ხდება.
ვაშინგტონი და პეკინი ერთმანეთს ყოველწლიურად ახალ სანქციებს უწესებენ, რაც კომპანიებისთვის ჩინეთში ოპერირებას ართულებს.
ვითარება კუნძულ ტაივანის ირგვლივ სულ უფრო რთულდება, რამაც შეიძლება, გაზარდოს პეკინის იზოლაცია, რაც პროდუქციის მიწოდების პრობლემას შექმნის.
შესაბამისად, კორპორაციებმა რისკები შეაფასეს და ქარხნების ნაწილი ჩინეთიდან მეზობელ ქვეყნებში გადააქვთ. ამ ქვეყნებს შორის ინდოეთი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდა.