გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი, გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ლიდია კრისტმანი და KfW-ის განვითარების ბანკის თბილისის ოფისის დირექტორი ბირგიტ ჰოლდერიდი ქვესადგურ ზესტაფონი 500-ს ესტუმრნენ.
ვიზიტი გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში გაიმართა და გერმანიის თანამშრომლობით დასავლეთ საქართველოში განხორციელებული პროექტების ფარგლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მონახულებას მოიცავდა.
გერმანიის ელჩმა მოინახულა საქართველოს ენერგომომარაგებისთვის საკვანძო ქვესადგური, რომელიც აერთიანებს ქვეყნის ენერგოსისტემის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილს და, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული რეაბილიტაციის შედეგად, სრულად პასუხობს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს.
პიტერ ფიშერს მასპინძლობა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) დირექტორთა საბჭოს წევრმა გიორგი ამუზაშვილმა გაუწია, რომელმაც ისაუბრა სსე-ის როლსა და მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.
საუბარი შეეხო KfW-ის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას, მათ შორის ქვესადგურის – ზესტაფონი 500-ის რეაბილიტაციას და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
„ენერგეტიკის სფეროს გაძლიერება და ენერგომომარაგების სტაბილურობა აუცილებელი მიმართულებაა საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის წარმოების განვითარება და ახალი გადამცემი ხაზების, განსაკუთრებით თურქეთთან დამაკავშირებელი ხაზის მშენებლობა, რათა საქართველომ მომავალში განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპაში. ამ საქმეში გერმანიის მთავრობა თქვენ გვერდით არის და ჩვენ მომავალშიც დაგეხმარებით”, – აღნიშნა პეტერ ფიშერმა.
გერმანიამ უკვე €100 მილიონზე მეტით დააფინანსა საქართველოს ენერგოსისტემა. უახლოეს მომავალში KfW დააფინანსებს 2 პროექტს €100 მილიონი და €125 მილიონის ოდენობით, რომელიც მოხმარდება წყალტუბო-ახალციხის დამაკავშირებელი ენერგოგადამცემი ხაზის მშენებლობას და ახალციხის ქვესადგურის გაძლიერებას.
ქვესადგურში პირველი სარეაბილიტაციო სამუშაოები გერმანიის მთავრობისა და KfW-ის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 1997-2000 წლებში ჩატარდა. სამუშაოების მეორე ეტაპი 2005-2007 წლებში განხორციელდა, შემდგომი რეკონსტრუქცია კი – 2010-2012 წლებში.
შემდგომ პერიოდში სსე-მ პირადი რესურსით განახორციელა ქვესადგურის სრული რეაბილიტაცია.
ამ ეტაპზე, ქვესადგური აღჭურვილია თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი მოწყობილობებით –მართვის ახალი ფარით, ციფრული დაცვის პანელებით, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ელექტროენერგიის ძაბვის პარამეტრების ხარისხი და ქსელის საიმედოობა.
გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და KfW-ის განვითარების ბანკის მეშვეობით საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ბევრ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.