ევროპარლამენტმა „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციის ტექსტში ორივე შესწორებას, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.
საუბარია შემდეგი შინაარსის შესწორებებზე:
- ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ“ და „რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“;
- ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.
- მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს ინიცირებული პროექტი, რომელიც „ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს და არის თავდასხმა არა მხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ – სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე“.
- მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა“.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ იყო 25 დეპუტატი, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტის რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა.
სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს, ევროკომისიამ კი უნდა გადაწყვიტოს, შეისწავლის თუ არა სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე კანონის გავლენას.