ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირს შეწყვიტოს აზერბაიჯანისგან ბუნებრივი აირის შესყიდვა.
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია აზერბაიჯანში შექმნილი ვითარების შესახებ, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს შეწყვიტონ დამოკიდებულება აზერბაიჯანულ გაზზე. ამის შესახებ ევროპარლამენტის ვებგვერდზე წერია.
გადაწყვეტილება აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო მიიღეს. გარდა ამისა
ევროპაში ეჭვობენ, რომ აზერბაიჯანიდან გაზის გაზრდილი მიწოდება შესაძლოა, რუსული გაზის შერევით იყოს გამოწვეული. შესაბამისად, ევროპარლამენტში მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანის იმპორტზე გაზრდილი დამოკიდებულება საფრთხის შემცველია.
დეპუტატები ასევე სთხოვენ ევროკომისიას, შეაჩეროს 2022 წელს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორისენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
გარდა ამისა, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი მომავალი პარტნიორობის შეთანხმებას წინ უნდა უძღოდეს შემდეგი პირობების შესრულება: ბაქომ უნდა გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, განახორციელოს სამართლებრივი რეფორმები, გააუმჯობესოს ადამიანის უფლებათა საერთო მდგომარეობა ქვეყანაში და გამოავლინოს გულწრფელი მზადყოფნა მშვიდობისთვის, დაიწყოს მოლაპარაკებები მეზობელ სომხეთთან 2023 წელს მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის შეტევის შემდეგ.