ევროპის ცენტრალურმა ბანკმა(ECB) განაკვეთების შემცირება შესაძლოა, აშშ-ის ფედერალურ რეზერვზე(Fed) ადრე დაიწყოს, რადგან ინფლაცია ევროზონაში მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მცირდება, ხოლო აშშ-ში მისი დინამიკა არასტაბილურია.
ფასების ზრდის ტემპი ევროზონაში მარტში შენელდა და გასული წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე, 2,4%-მდე ჩამოვიდა.
იმავდროულად, აშშ-ში ინფლაცია თებერვალში 2,5%-მდე გაიზარდა, ერთი თვის წინანდელი 2,4%-დან. ეკონომისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ევრობანკი განაკვეთების შემცირებას ივნისში დაიწყებს.
ევრობანკში შეხვედრა მიმდინარე კვირაში უნდა გაიმართოს, სადაც უფრო ცხადი გახდება, უახლოვდება თუ არა ის მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას.
ევრობანკს ჯერ კიდევ აქვს სიფრთხილის გამოჩენის მიზეზი. ჯერ ერთი, ევროზონაში მომსახურების სექტორში ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალი რჩება და მეორეც, აშშ-ის მონეტარულ პოლიტიკასთან მნიშვნელოვანმა განსხვავებამ შეიძლება მკვეთრი რყევები გამოიწვიოს სავალუტო ბაზრებზე.
Fed-ის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა 3 აპრილს განაცხადა, რომ Fed-ის ბრძოლა ინფლაციის წინააღმდეგ არ დასრულებულა.
„მიზანშეწონილი არ იქნება განაკვეთების შემცირება, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ინფლაცია 2%-კენ მიდის“, – თქვა მან.
ტრეიდერები ელიან, რომ Fed და ინგლისის ცენტრალური ბანკი 2024 წელს განაკვეთებს 2- 3-ჯერ შეამცირებენ(25 საბაზისო პუნქტით), ხოლო ევრობანკი მინიმუმ 3-ჯერ.
ახლა Fed-ის რეფინანსირების განაკვეთი 5,5%-ს შეადგენს, ინგლისის ცენტრალური ბანკის განაკვეთი-5,25%-ია. ევროპის ცენტრალური ბანკის-4,5%.